"ოცნების" მთავრობა ხალხს საკუთარი სახლებიდან ასახლებს - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
აბანოთუბანში, თბილისური ეზოდან გასახლებას რამდენიმე ოჯახს უპირებენ. ვინც თავისი ნებით არ გავა, ქონებას ჩამოართმევენ. უკვე არსებობს ეკონომიკის მინისტრის ბრძანება, რომელშიც წერია, რომ ჰეიდერ ალიევის კულტურის ცენტრის აშენება აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას წარმოადგენს, ამიტომ სახელმწიფოს შეუძლია მოქალაქეებს საკუთრება ძალით ჩამოართვას.
საკუთარი სახლის დატოვებას მინიმუმ 10 ოჯახი არ აპირებს, 5 მათგანზე ქონების ჩამორთმევის ბრძანება უკვე ოფიციალურად გამოცემულია. მათი სარჩელი სასამართლოში მომდევნო კვირაში წავა. "პირველებთან" საუბარში აზერბაიჯანის საელჩოს გვერდით მცხოვრები მოქალაქეები ყვებიან, რომ ნაწილთან მოლაპარაკება ქონების გასხვისებაზე საერთოდ არ ყოფილა, მეორე ნაწილს კი იმდენად მცირე თანხა შესთავაზეს, რომ ახალი ბინის ყიდვა შეუძლებელია. ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრაზე მისული მოქალაქეები სახლებში პასუხების გარეშე დაბრუნდნენ.
ისფაჰანელის ქუჩაზე ეს თბილისური ეზო ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრის გამო უნდა დაანგრიონ.