ელჩებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
რამდენიმე წუთის წინ, ნორდიკული და ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„დღეს ნორდიკული და ბალტიისპირეთის ქვეყნების საელჩოებმა ყვავილებით შეამკეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლთა მემორიალი, როდესაც თბილისში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალადობრივად დაარბიეს. დანია საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მტკიცედ უჭერს მხარს“, - წერს საქართველოში დანიის ელჩი, ანე ტოფტ სორენსენი X-ზე.
საბჭოთა არმიის სამხედროების მიერ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევიდან 37 წელი გავიდა.
1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დაარბიეს ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით.
დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. დაშავდა აქციის ასობით მონაწილე.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
9 აპრილის გმირები:
აზა ადამია, 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის; ნატო გიორგაძე, 23 წლის; თამუნა დოლიძე, 28 წლის; თინა ენუქიძე, 70 წლის; ნინო თოიძე, 22 წლის; ზაირა კიკვიძე, 61 წლის; მანანა ლოლაძე, 34 წლის; თამარ მამულაშვილი, 50 წლის; მანანა მელქაძე, 26 წლის; ვენერა მეტრეველი, 45 წლის); მამუკა ნოზაძე, 21 წლის; ნანა სამარგულიანი, 41 წლის; გია ქარსელაძე, 25 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის; თამარ ჭოველიძე, 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის; მზია ჯინჭარაძე, 43 წლის.