აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

09.04.26 10:09
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა, სადაც დიპლომატმა დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

„9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის მიერ 1989 წელს ჩადენილ სისასტიკეს. დღეს, 37 წლის შემდეგ, პატივს მივაგებთ იმ 21 დაღუპულ ქართველს და ასობით დაშავებულს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას”, - წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

საბჭოთა არმიის სამხედროების მიერ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს.

დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. დაშავდა აქციის ასობით მონაწილე.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.