იმაზე დიდი სირცხვილი არაფერია, რომ "ოცნების" ლიდერებს შეძახილების და სირცხვილის კორიდორით მოუწიათ აქ მოსვლა - სიორიძე
"ლელო -ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის თქმით, იმაზე დიდი სირცხვილი არაფერია, რომ "ოცნების" ლიდერებს შეძახილების და სირცხვილის კორიდორით მოუწიათ 9 აპრილის მემორიალთან მისვლა.
სიორიძემ პარალელი გაავლო 1990 წლის 9 აპრილთან, როდესაც ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, მემორიალთან მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი მივიდა.
რუსული რეჟიმი ახრჩობს საქართველოს მომავალს. მან გადაწყვიტა, რომ გააუქმოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა პრაქტიკულად და დატოვოს მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე. მე მინდა გავიხსენო და პარალელი გავავლო 90 წლის 9 აპრილთან, როდესაც მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გივი გუმბარიძე მოვიდა 9 აპრილს, ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე და ხალხმა ის მიუშვა პატივის მისაგებად. ჩვენ გვახსოვს და ვხედავთ დღევანდელ დღესაც, როდესაც სირცხვილის კორიდორით და შეძახილების ფონზე მოუწიათ "ოცნების" ლიდერებს აქ მოსვლა. ამაზე დიდი სირცხვილი ალბათ არაფერი არ არის და ყველაზე მეტად გამოხატავს იმას, თუ სად დგას "ოცნება" - ჩვენი მტრის მხარეს და სად დგას ქართველი ხალხი", - აცხადებს გიორგი სიორიძე.
"მონებო", "რუსებო", "სირცხვილი"- "ქართული ოცნების" წევრების რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მისვლას პროტესტი მოჰყვა.
ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მიხეილ ყაველაშვილისა და სხვა "ოცნების" წევრების მემორიალთან მისვლამდე პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით განარიდა ტერიტორიას და ადგილზე საპატიო ყარაული ჩააყენა.