"ძლიერი საქართველოს“ წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

09.04.26 15:43
"ძლიერი საქართველოს“ წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

9 აპრილის გმირთა მემორიელთან "ძლიერი საქართველოს" ლიდერები მივიდნენ - მათ პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მემორიალი. 

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით,  1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია არის ის დღე, რომელ დღესაც გაღებულმა მსხვერპლმა 2 წლის შემდეგ, 1991 წელს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა.  

1991 წლის 9 აპრილი არის მაგალითი იმ უნიკალური ერთიანობის, თუ რა შეუძლება მოიტანოს ერთად დგომამ, დღეს სწორედ ეს ერთიანობა გვჭირდება - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

ერთის მხრივ, დღეს ჩვენ ვიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ამავდროულად, წელს შესრულდა 25 წელი იმის შემდგომ, რაც მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და მიღებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღგდენის აქტი. სწორედ 89 წელს გაღებულმა მსხვერპლმა დააჩქარა ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვება. ერთის მხრივ არის მწუხარების თარიღი, როდესაც ვიგონებთ დაღუპულ ადამიანებს, მეორეს მხრივ, ეს არის თარიღი, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ იმ ერთიანობას, რომელიც ყველას ჰქონდა 1991 წლის 9 აპრილს, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. დღეს სწორედ ეს ერთიანობა გვჭირდება, რომ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. 1991 წლის 9 აპრილი არის მაგალითი იმ უნიკალური ერთიანობის, თუ რა შეუძლება მოიტანოს ერთად დგომამ, ერთად ბრძოლამ ქვეყნის მომავლისთვის. ეს არის სწორედ ამ თარიღისთვის გამორჩეული და გამორჩეული მეხსიერება, რომელიც გვაკავშირებს 9 აპრილთან", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

საბჭოთა არმიის სამხედროების მიერ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევიდან 37 წელი გავიდა.

1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დაარბიეს ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით.

დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. დაშავდა აქციის ასობით მონაწილე.