საქართველოს საკითხი აშშ-ის პრიორიტეტებში აღარ არის - "პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ დევიდ კრამერთან

10.04.26 18:13
საქართველოს საკითხი აშშ-ის პრიორიტეტებში აღარ არის - "პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ დევიდ კრამერთან

 

 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე "ტვ პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ განწყობებზე საუბობს, რომელიც ვაშინგტონში "ოცნების" პოლიტიკასთან დაკავშირებით არის შექმნილი. 

დევიდ კრამერი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის რესურსი არ არსებობს. 

კრამერი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ არსებული ვითარების პირობებში, ვაშინგტონში არ ჩანს მზადყოფნა, შეცვალოს მკაცრი მიდგომა "ოცნების" ხელისუფლების მიმართ. პირიქით, მისი შეფასებით, აშშ-მა უნდა გააგრძელოს კოორდინაცია ევროპელ პარტნიორებთან და შეინარჩუნოს ზეწოლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე.

რაც შეეხება ურთიერთობების გადატვირთვას - ახლა ამაზე რთულია საუბარი. სრულიად გულწრფელად რომ ვთქვა, და ამას სრული პატივისცემით ვამბობ საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ — არ მგონია, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდეს საქართველოს. ამ დროისთვის ის ძალიან არის კონცენტრირებული ირანზე. ის ცდილობს მოაგვაროს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი. ასევე ფოკუსირებულია ჩინეთზე. დიდი ალბათობით, პრეზიდენტი ტრამპი მომავალ თვეში პეკინს ეწვევა, ამიტომ პრიორიტეტების სიაში, კიდევ ერთხელ ვამბობ სრული პატივისცემით, საქართველო არ არის პირველ ადგილზე, და შესაბამისად, არ ველი მნიშვნელოვან ცვლილებებს.

ერთ-ერთი გამოწვევა ასევე ის არის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში ამ დრომდე არ არის სენატის მიერ დამტკიცებული ან თუნდაც ნომინირებული პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ევროპის ან აზიის საკითხთა ბიუროს. საქართველო სწორედ ამ ბიუროს ქვეშ ექცევა, და შესაბამისად, დანიშნული პირების არარსებობა, იქნება ეს აშშ-ის ელჩი თუ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, მიუთითებს, რომ არსებული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები, სავარაუდოდ, არ იქნება და თუ იქნება, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს არ შეარბილებს მიდგომას ქართული ოცნების მიმართ, ასევე ივანიშვილის, კობახიძისა და სხვების მიმართ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო კოორდინაცია თავის ევროპელ მოკავშირეებთან და გააგრძელოს ზეწოლა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე, რადგან ეს ხელისუფლება მოქმედებს ისე, რაც, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება საკუთარი ხალხის ინტერესებს, და მეორეც — ეწინააღმდეგება აშშ-ის ინტერესებს, - ამბობს კრამერი. 

"პირველებმა" ასევე დევიდ კამერს ჰკითხა, რას უკავშირდებოდა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო კომუნიკაცია. როგორც სახდეპის ყოფილი მაღალჩინოსანი განმარტავს, ეს, დიდი ალბათობით, ირანის საკითხს ეხებოდა.