250 ათასი ერთი წერილის საფუძველზე - ლაშა ტალახაძეს ფული დაჩქარებული წესით გადასცეს
ლაშა ტალახაძე ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარის გამოყოფას ითხოვს, წერილის ადრესატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროა. ერთ კვირაში ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატია - ღონისძიება 7 დღეს გაგრძელდება - ლაშა ტალახაძე, რომელიც ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას ხელმძღვანელობს, ითხოვს, რომ ელისო ბოლქვაძემ ჩემპიონატის გახსნის ხარჯები დაფაროს.
ლაშა ტალახაძემ დაფინანსების მოთხოვნით ელისო ბოლქვაძეს ჩემპიონატის ჩატარებამდე სამი კვირით ადრე მიმართა - 25 და 31 მარტს - ითხოვა გახსნის ღონისძიების დაფინანსება, გადაუგზავნა ხარჯთაღრიცხვაც. ირკვევა, რომ დიზაინერის, დამდგმელი რეჟისორის, პროდიუსერის, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ჯგუფებისთვის, აპარატურის დაქირავებისთვის 250 ათასი ლარი სჭირდება. მისი მოთხოვნები რომ დაეკმაყოფილებინათ, აჭარის კულტურის სამინისტრომ ტენდერის ნაცვლად გამარტივებული შესყიდვის ჩატარება გადაწყვიტა.
ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ბათუმში ჩატარება მოულოდნელად არ გადაწყვეტილა - ღონისძიება საქართველოში რომ გაიმართებოდა ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში იყო ცნობილი - რატომ არ მოხდა ფინანსების სწორად გადანაწილება - რატომ ხდება ნაჩქარევად კომპანიის შერჩევა, რომელმაც ღონისძება უნდა გახსნას, რატომ არ გამოცხადდა ტენდერი, რაც ბიუჯეტის ფულს უფრო რაციონალურად ხარჯვას ხელს შეუწყობდა? ამაზე კითხვები აქვთ ოპოზიციას და კორუფციის მკვლევარებს.