მოსკოვმა ევროპაში ყველაზე სანდრო მოკავშირე დაკარგა - რა აჩვენა უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვებამ?
ტყუილებით საკუთარი ხალხის ტყვეობაში მოქცევა და ომით ადამიანების დაშინება ეფექტს კარგავს - ასე ფიქრობს საზოგადოება, რომელიც უნგრეთში ორბანის 16-წლიანი მმართველობის დასასრულს აკვირდება. პროგნოზი ასეთია - რუსეთთან გარიგებული ძალები მარცხდებიან, მოსკოვმა ევროპაში ყველაზე სანდრო მოკავშირე დაკარგა, ცვლილებები ევროპის შუაგულიდან ახლა სხვა ორბანის სტილის მმართველობებზეც გავრცელდება.
პეტერ მაგიარს, ორი წელი დასჭირდა რომ ვიქტორ ორბანის მმართველობა დაესრულებინა. საქართველოს მსგავსად უნგრეთშიც, ინსტიტუციები ორბანს ჰქონდა მიტაცებული, მაგიარმა ხალხი დაარწმუნა, რომ მათი ბედი საარჩევნო უბანთან წყდებოდა, არჩევნების დროს ქუდზე კაცი გამოიყვანა და შედეგიც დადგა.
უნგრეთის მაგალითმა უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს, საქართველოში, აჩვენა, რომ ცვლილება აუცილებლად მოდის მაშინ, როცა საზოგადოება არ ნებდება, არ ეგუება და აგრძელებს ბრძოლას საკუთარი არჩევანისა და მომავლისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე 500 დღეა საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დასაცავად ქუჩაში დგანან.
ხალხის აქტივობა გადამწყვეტია, როდესაც ყველა საარჩევნო უბანზე მიდის, გაყალბებაც და პროპაგანდაც უძლური ხდება. ეს აჩვენა უნგრეთის არჩევნებმა. რატომ წააგო ორბანმა? - მას უბრალოდ აღარ დაუჯერა ხალხმა. აქტივისტები ამბობენ, რომ ზუსტად ასე იქცეოდა და იქცევა ივანიშვილიც. საიდუმლო კავშირები რუსეთთან, ბრძოლა ევროკავშირის წინააღმდეგ და ხალხის მუდმივად დაშინება, რომ იქნება ომი, თუ ის არ იქნება ხელისუფლებაში.