შსს-სა და თავდაცვის სამინისტროსთვის უვარგისი კონსერვების მიწოდებისთვის დაკავებული ბიზნესმენი გაათავისუფლეს
კომპანიიების, „ბატონოსა" და „კულას“ მფლობელი და დირექტორი, ივანე გოგლიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაციას მისი ადვოკატი, კახა წერეთელი ადასტურებს.
ირკვევა, რომ ბიზნესმენმა ციხე ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ დატოვა. მას აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს.
ივანე გოგლიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე თვის წინ დააკავა. მას ბრალად ედება ძალოვანი სტრუქტურებისთვის (შსს და თავდაცვის სამინისტრო) დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული და ჯანმრთელობისთვის საშიში თევზის კონსერვების მიწოდება.
გამოძიება ამტკიცებს, რომ 380 000 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია საკვებად უვარგისი იყო.
ცნობისთვის, ივანე გოგლიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციას გულისხმობს, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5 - დან 7- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.