"ოცნებამ" "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

15.04.26 19:08
"ოცნებამ" "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

"ქართულმა ოცნებამ" "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით, 72 ხმით დაამტკიცა

საკითხი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

ცვლილებების მიხედვით, გრანტად აღარ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.

ამასთან, უცხოური გრანტის გამცემის მიერ გრანტის გაცემის წესი არ გავრცელდება როგორც "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციისათვის, ასევე ამავე ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე.

აღნიშნული წესი ასევე არ გავრცელდება საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზე.