მაკა ბოჭორიშვილის ხმაურიანი ინტერპელაცია - რა ხდებოდა პარლამენტში
"ქართული ოცნების" დეპუტატებს არ მოსწონთ, როცა მათ ევროინტეგრაციის შეჩერების გამო პასუხისმგებლობას აკისრებენ. ხელისუფლების მთავარი მისია დღეს საპირისპიროს მტკიცება იყო. ხმაურიც მას შემდეგ დაიწყო, რაც გახარიას გუნდის წევრმა ისინი ტყუილში დაადანასაულა და ტრიბუნიდან შეახსენა თუ რამ გამოიწვია ქვეყნის დასავლეთისგან იზოლაცია.
გიორგი შარაშიძის მიმართვის ადრესატი დეპუტატებზე მეტად მაკა ბოჭორიშვილი იყო. მინისტრს დღეს უნდა ეპასუხა კითხვაზე, რატომ გაჩერდა საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანება. ვერმიღებული პასუხების გამო კრიტიკას დარბაზში ვერ იღებენ. რიმა ბერაძეს და რატი იონათამიშვილს სხვებიც აყვნენ.
იყო შეურაცხმყოფელი რეპლიკებიც. ჩანდა, რომ დეპუტატებს ოპოზიციასთან ძალის დემონსტრირება სურდათ. ჩვენება, რომ დარბაზში სადაც უმრავლესობას ისინი წარმოადგენენ, წესებსაც ისინი ქმნიან. ასე ვერ აიტანა ერთი დეპუტატის კრიტიკა ოცნების გუნდმა
დღე გაცილებით უფრო მშვიდად დაიწყო. მინისტრი პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდმა ინტერპელაციის წესით ევროინტეგრაციაზე სასაუბროდ დაიბარა. რატომ შეაჩერა ოცნებამ მოლაპარაკებების პროცესი, რატომ დაარღვია საკონსტიტუციო პირობა, რა ნაბიჯებს დგამს გაწევრიანებისთვის ან რა რეკომენდაციები შეასრულა ამ დრომდე. ბოჭორიშვილი თავს იქებს,ქვეყნის უკუსვლას კი ბრიუსელს აბრალებს.