"ოცნება“ მუნიციპალიტეტებში ქმნის ე.წ. ოპოზიციურ ფრაქციებს და ამას დამატებითი შემოსავლის მისაღებად იყენებს - საგანგებო ბრიფინგი "ძლიერ საქართველოში"
საგანგებო ბრიფინგი „ძლიერი საქართველო-ლელოს” ოფისში - პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია "ქართულ ოცნებას" საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ბიუჯეტიდან ფინანსები მიიღების მცდელობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მუნიციპალიტეტებში ქმნის ე.წ. ოპოზიციურ ფრაქციებს და ამას დამატებითი შემოსავლის მისაღებად იყენებს.
"კორუფციის რეკორდსმენი და კორუფციაში მსოფლიო მასშტაბით დახელოვნებული „ქართული ოცნება“ განაგრძობს „ტრიუკებს“, რომ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ბიუჯეტიდან რაც შეიძლება მეტი ფინანსები მიიღოს"- აცხადებენ ოპოზიციაში.
„როგორც იცით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მონაწილეობდა, დღეს სიაში მონაწილე ადამიანებისგან მუნიციპალიტეტებში ქმნის ე.წ. ოპოზიციურ ფრაქციებს და ამას იყენებს დამატებითი შემოსავლის მისაღებად. დღეის მდგომარეობით, 62 მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული და შექმნილია „ხალხის ძალის“, ვითომ ოპოზიციის დანიშნული წარმომადგენლობა და 9 მუნიციპალიტეტში, მეორე წრეზე წავიდნენ, „ევროპელი სოციალისტების" ეგრეთ წოდებული ოპოზიციური წარმომადგენლობები და ფრაქციები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, 5 მილიონი გამოიყოფა ვითომ ოპოზიციისათვის. „ქართული ოცნება“ აფინანსებს მათ საქართველოს მოქალაქეების ბიუჯეტის ხარჯზე მაშინ, როდესაც „ძლიერმა საქართველომ - ლელომ" მუნიციპალიტეტებში დააყენა საკითხი ბავშვთა კვების შესახებ და იცით, რა მძიმე სიტუაციაა სხვადასხვა საერთო კვლევებიდან გამომდინარე. მუნიციპალიტეტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარი განაცხადა ამ საკითხის მოგვარებაზე მაშინ, როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში 22 737 ბავშვმა დატოვა საქართველო - მშობლებმა გამოიყვანეს თავიანთი შვილები სკოლებიდან და წაიყვანეს საზღვარგარეთ.
„ქართული ოცნება" განაგრძობს ყველა შესაძლო სახის კორუფციულ ქმედებებს, იქნება ეს "კანონის ძალით" ბიუჯეტის ძარცვა, ბიუჯეტიდან მიღებული თანხების, ვითომ კანონიერი სახით მიღება თუ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე სხვადასხვა მანიპულაციებით გამდიდრება. კარგად ვიცით, როგორ ძარცვავს „ქართული ოცნება" საკუთარ მოქალაქეებს, როგორ ძარცვავს გაჭირვებულ ადამიანებს და მილიონებს იღებს უფასო სასადილოებიდან.
„ძლიერი საქართველო - ლელო" საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველა კორუფციული ფაქტის შესახებ მოგვაწოდეთ ინფორმაცია. როგორც ყოველთვის, დღენიადაგ ვართ თქვენ გვერდით, რათა ერთად ვიბრძოლოთ ამ სიმახინჯის წინააღმდეგ, რასაც "ქართული ოცნება" ჰქვია“,-განაცხადა სამუშიამ.
„ძლიერი საქართველო - ლელო" მოქალაქეებს მოუწოდებს, შესაძლო კორუფციული ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.