ოზურგეთის საკრებულოს რეკორდი - სხდომა გახსნიდან 7 წუთში დაასრულეს

16.04.26 15:25
ოზურგეთის საკრებულოს რეკორდი - სხდომა გახსნიდან 7 წუთში დაასრულეს

ოზურგეთის საკრებულოს რეკორდი -  ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელის, დავით დარჩიას  ხელმძღვანელობით, ოზურგეთის საკრებულოს სხდომა დღეს 7 წუთში ჩაატიეს.

ამ დროში, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ  აღდგომის დღესასწაულის მილოცვა, მშვიდობის სურვილი, მერიის თანამშრომლისთვის დაბადების დღის მილოცვაც მოასწრო, ამასთან, 2 საკითხიც განიხილეს , ხელიც ერთხმად ასწიეს და ბოლოს, ერთმანეთსაც დაემშვიდობნენ.

ამ ყველაფრის ამსახველი მასალა სოციალურ ქსელში საკრებულომ თავადვე გაავრცელა.  დღევანდელ სხდომაზე ეთი სიტყვა არ უთქვამთ ქალაქში არსებულ პრობლემებზე: ამორტიზებულ გზებზე, უწყლოდ დარჩენილ  დასახლებაზე. არაფერი თქმულა მერიის მიერ შეჩერებულ სოციალურ დახმარებებზე. 

როგორც ცნობილია, უკვე მესამე თვეა, ოზურგეთის მერია სოციალურ დახმარებებს არ გასცემს იმ მოტივით, რომ სარეზერვო ფონდი ცარიელია და რომ ბიუჯეტში ფული არ არის. უკვე მეორე თვეა კვების ვაუჩერები არ მიუღიათ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ მოქალაქეები ხმამაღლა საუბრობენ, სოციალურ ქსელში განცხადებებს აქვეყნებენ, მერიაში მიდიან, პასუხები კი ამ დრომდე არ მიუღიათ.  პაატა კუნჭულია, რომელიც სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის ბიძაა, ამ დრომდე არ პასუხობს სატელეფონო ზარებს.