"იმედის" შემდეგ "ლიბერთი ბანკი" - ირაკლი რუხაძემ უკვე მეორე ბიზნესი გაასხვისა
ირაკლი რუხაძე აქტივების თავიდან მოშორების რეჟიმზე გადავიდა. ქართული ოცნების მეგობარმა ბიზნესმენმა ამჯერად ლიბერთი ბანკი გაყიდა. მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ინფორმაცია ლიბერთის აქციების საკონტროლი პაკეტის ახალმა მფლობელმა - ბაზისბანკმა დღეს გაასაჯაროვა. სპეციალისტები ამ გადაწყვეტილების უკან ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის სანქციების შიშს ხედავენ.
ირაკლი რუხაძე ამ დროისთვის უკრაინის და ლიეტუვას მიერაა სანქცირებული. ქართული ოცნების მეგობარი ბიზნესმენი ამ ორ ქვეყანაში პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული. ოპოზიცია დიდი ხანია საუბრობს, რომ რუხაძე სხვა ქვეყნების სანქციების კანდიდატიცაა. ამ ეჭვებს ამყარებს მისი ნაბიჯებიც. რუხაძემ ჯერ სიმბოლურ ფასად 1000 ლარად ტელეკომპანია იმედი გაყიდა, რის შემდეგაც ორ კვირაში ეს მედია დიდმა ბრიტანეთმა რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაასანქცირა. ამჯერად კი რუხაძემ თავიდან მოიშორა ქვეყანაში სიდიდით მეოთხე საფინანსო ინსტიტუტი, რომლის მოგებაც მხოლოდ გასულ წელს 128 მილიონ ლარს შეადგენდა.
ლიბერთის ახალი მფლობელის, ბაზის ბანკის საკონტროლო პაკეტს ჩინური კომპანია ჰუალინგ ჯგუფი ფლობს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ლიბერთის მილიონ 700 ათასზე მეტი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
რამდენიმე წუთის წინ რუხაძემ ლიბერთი ბანკის გაყიდვასთან დაკავშირებით ისაუბრა - თქვა, რომ მეტის გაკეთება შეუძლია გაერთიანებულ ბანკს, ვიდრე ცალ-ცალკე "ლიბერთის" ან "ბაზის ბანკს" შეეძლო. როგორც რუხაძემ განმარტავ, ლიბერთი ბანკში წილი არ დაუტოვებია - "ჩვენ საერთოდ გავდივართ. არ ვიტოვებთ წილს"
2 მსხვილი აქტივის გაყიდვის შემდეგ ირაკლი რუხაძეს ქართულ ბიზნესში ჯერ კიდევ რჩება. მისი კომპანია ჰანიველ პარტნერსი ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდთან ერთად წილებს ფლობს ქართულ ცემენტში. ასევე რუხაძის მფლობელობაშია რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რომელიც ბოლო წლები ზარალზე მუშაობდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ირაკლი რუხაძე შესაძლოა სანქციების შიშით ქართულ ბიზნესს სრულად ჩამოშორდეს.
დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში.