პაპუაშვილი: არ ვიცი, რადიკალურ ოპოზიციას გზა ევიწროება თვითმფრინავების გადასაფრენად, თუ რატომ აქვთ პრობლემები

16.04.26 21:01
პაპუაშვილი: არ ვიცი, რადიკალურ ოპოზიციას გზა ევიწროება თვითმფრინავების გადასაფრენად, თუ რატომ აქვთ პრობლემები

აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვას შალვა პაპუაშვილი "დადებით მოვლენად" აფასებს და ირწმუნება, რომ ოპოზიცია ქვეყანაში ყველაფერ დადებითს კრიტიკით ხვდება. 

არ ვიცი, რადიკალურ ოპოზიციას გზა ევიწროება თვითმფრინავების გადასაფრენად, თუ რატომ აქვთ ეს პრობლემები წარმოშობილი - ამბობს პაპუაშვილი.

"ოცნების" ლიდერის მტკიცებით, ოპოზიციას სურს ეკონომიკურად დააზიანოს ქვეყანა და არ დაუშვას წარმატებული პროექტების განხორციელება.

"რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც დადებითი ხდება საქართველოში ამაზე თავდასხმა და არ დაშვება, ეს არის მთავარი მიზანი, რაც აქვთ. რადიკალურ ოპოზიციას და მის გარე დამკვეთებს არსენალი ამოეწურათ ყველანაირი, პოლიტიკური თემების არსენალი, სხვა მიმართულებით ყველანაირი თავდასხმის საბაბი სცადეს და ყველგან დამარცხდნენ. ახლა მთავარი, რასაც ისინი ცდილობენ არის, რომ რამენაირად ეკონომიკურად დააზიანონ ეს ქვეყანა, რომ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიონ. ესეც ზუსტად ამ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომ არ დაუშვან წარმატებული პროექტების განხორციელება. არ დაუშვან, მათ შორის, სამეცნიერო პოტენციალის ათვისება. აბასთუმნის ობსერვატორია არის მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც საინტერესოა ზოგადად მათთვის, ვინც საქართველოს მოინახულებს. რაც შეიძლება ნაკლები კარგი რამე უნდა მოხდეს და ბევრი ცუდი რამ მოხდეს, არ ვიცი, ახლა მე რადიკალურ ოპოზიციას გზა ევიწროება თვითმფრინავების გადასაფრენად, თუ რატომ აქვთ ეს პრობლემები წარმოშობილი. სულ ცოტა ხნის წინ, ყველამ ვიხილეთ საქართველოს ცა როგორ ინტენსიურად იყო გამოყენებული და დღესაც ასე ხდება, მას შემდეგ რაც ჩაკეტილია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მარშრუტები. ასე რომ, საკმარისი მარშრუტებია საქართველოში თვითმფრინავების გადასაფრენად და იქ სადაც საჭიროა როგორც სამეცნიერო პოტენციალის ასათვისებლად შესაბამისი შეზღუდვების დაწესება, ასეც უმტკივნეულოდ ხდება. რაც მთავარია არ ჩივიან საერთაშორისო ორგანიზაციები, არ ჩივიან ავიაკომპანიები, არ ჩივიან პილოტები და რატომღაც რადიკალური ოპოზიცია ჩივის”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეიდან ძალაში შედის „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცის წესებს ცვლის და აბასთუმნის თავზე გარკვეულ ზონებში ფრენებს ზღუდავს.

ცნობილია, რომ ცვლილება ეხება იმ საჰაერო დერეფნებსაც, რომლებსაც საერთაშორისო ავიაკომპანიები ევროპასა და აზიას შორის გადაადგილებისთვის იყენებდნენ.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ცა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მუშაობის პირობების გაუმჯობესებისთვის იკეტება - ობსერვატორიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცის მაღალი ხარისხის ხილვადობა და მინიმალური ხელოვნური ზემოქმედება, რის გამოც საჭირო გახდა საჰაერო მოძრაობის შეზღუდვა აღნიშნულ არეალში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში იცვლება რამდენიმე ისეთი საერთაშორისო ტრასა, რომლებზეც ყოველდღე მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების ათეულობით სამგზავრო და სატვირთო ხომალდი ევროპასა და აზიას შორის დაფრინავს.

სახელმწიფო უწყებები საქართველოს საავიაციო სივრცის ნაწილის ჩაკეტვას იმით ამართლებენ, რომ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას გამჭვირვალე ცა სჭირდება.