ბარამიძე სამთავრობო ცვლილებებზე: ბანდის შიგნით რომ ვიღაცას თბილი ადგილი არ მოაკლდეს, ახალი თანამდებობა მოიგონეს
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულ სამთავრობო ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალი პოზიციების შექმნა "ოცნების" ხელისუფლების შიდა ინტერესებით არის განპირობებული.
მისი შეფასებით, ცვლილებები არა სახელმწიფო საჭიროებებს, არამედ ივანიშვილის გუნდში ძალთა ბალანსის შენარჩუნებას ემსახურება და დამატებით ფინანსურ ტვირთს აჩენს.
ბარამიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები ვერ შეცვლის საერთო პოლიტიკურ ვითარებას და საზოგადოებრივი უკმაყოფილება კვლავ გაიზრდება.
ამ ბანდას აქვს თავისი წესები და ბანდის შიგნით რომ ვიღაცას არ ეწყინოს და ვიღაცას თბილი ადგილი არ მოაკლდეს, აი, მოიგონეს ახლა რაღაც ახალი თანამდებობა, რომლისთვისაც ცალკე ბიუჯეტში იქნება ფული გამოსაყოფი და ა.შ. ბავშვების წამლებისთვის ფული არ ჰყოფნით და მამუკა მდინარაძის, უკაცრავად და, უკანალი რომ თბილ სავარძელში იჯდეს, ამისთვის ახლა 12 კანონინ უნდა შეცვალონ და ბიუჯეტში დამატებით ფული გამოყონ, რომ მანქანა ემსახურებოდეს და ამ ბანდის შიგნით რაღაც ზედმეტი უკმაყოფილებები არ იყოს, მაგრამ ეს ამ ბანდას არანაირად არ გადაარჩენს და ეს ბანდა არის განწირული იმისთვის, რომ ქართველი ხალხი ერთ მშვენიერ დღეს, უფრო მალე, ვიდრე გვიან, პანღურს ამოარტყამს, - ამბობს გია ბარამიძე.
"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ გუშინ 21 აპრილს თქვა, რომ გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხდება.
მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს. საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: მამუკა მდინარაძისთვის ახალი უწყება იქმნება - ის ძალოვან სტრუქტურებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც ხდება. [შესაბამისი ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაუჭიროს მხარი].
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ პოსტზე სულხან თამაზაშვილს ნიშნავენ.