კორუფცია "ოცნების" საფირმო ნიშანია - ლევან სამუშია
„ლელო — ძლიერი საქართველოს“ წევრი ლევან სამუშია აცხადებს, რომ კორუფციის ზრდის სტატისტიკა ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს და პასუხისმგებლობას ივანიშვილის გუნდს აკისრებს.
მისი შეფასებით, მაღალი თანამდებობის პირების მიმართ არსებული ბრალდებები და გაზრდილი მაჩვენებლები ადასტურებს, რომ კორუფცია ხელისუფლების სხვადასხვა დონეზეა გავრცელებული და ამ საკითხზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავის აუღია.
"ქართული ოცნების" მთავარი საფირმო ნიშანი არის კორუფცია და კორუმპირებულობა ყველგან და ყველაფერში. ჩვენ ვხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა მინისტრები, სუსის ხელმძღვანელი პირი და სხვადასხვა დარგის უმაღლესი თანამდებობის პირები, ჩინოვნიები არიან კორუფციაში ბრალდებულები. "ლელო - ძლიერი საქართველო" წლების განმავლობაში საუბრობდა, რომ "ქართული ოცნება" იყო კორუფციის მორევში და კორუფცია ჭამდა ქვეყანას, მაგრამ ისინი მას ხელს აფარებდნენ და დღეს არავინ ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს, - ამბობს სამუშია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში კორუფციული დანაშაულების მაჩვენებლები მკვეთრად გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით არის მომატებული, ხოლო საჯარო მოხელეების მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევები თითქმის ყველა მიმართულებით ზრდის ტენდენციას აჩვენებს. მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევები 205%-ით გაიზარდა, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა — 500-ით, ხოლო სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები 225%-ით არის მომატებული.