კერესელიძე: საქართველოში კორუფცია „გაპრავდა“ და მთელ ადმინისტრაციულ სისტემას მოედო
გახარიას გუნდის წევრი შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორუფცია აღარ შემოიფარგლება მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებით და უკვე სისტემურად ვრცელდება ქვედა და საშუალო რგოლებზეც.
მისი თქმით, არსებული ვითარება მიუთითებს, რომ კორუფციული პრაქტიკა მთელი ადმინისტრაციული პირამიდის მასშტაბით არის გავრცელებული, რაც, მისი შეფასებით, პრობლემის მასშტაბის ზრდაზე მიანიშნებს.
ადრე თუ მაღალი თანამდებობის პირების და პოლიტიკური თანამდებობის პირების დონეზე იყო კორუფცია, დღეს უკვე სხვა მოცემულობაა და სხვა მასშტაბია. ეს უკვე ჩავიდა ქვევით, საშუალო დონის თანამდებობის პირებზე და ქვედა დონეზე, მუნიციპალიტეტების მერიების დონეზე, საკრებულოების, სოფლის რწმუნებულების დონეზე და მთელი პირამიდის სისტემა შეიქმნა და შეიძლება, თამამად ითქვას, რომ კორუფცია საქართველოში "გაპრავდა". მე მესმის, რომ ამათ სალაპარაკოდ აქვთ, რომ "აგერ, ჩვენ პრემიერ-მინისტრიც კი დავიჭირეთ, სუსის უფროსიც კი დავიჭირეთ და ა.შ.", მაგრამ ეგენი კორუფციის გამო კი არ დაიჭირეს, ეგენი დაიჭირეს პოლიტიკური გავლენების გადანაწილების გამო, - ამბობს შალვა კერესელიძე.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში კორუფციული დანაშაულების მაჩვენებლები მკვეთრად გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით არის მომატებული, ხოლო საჯარო მოხელეების მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევები თითქმის ყველა მიმართულებით ზრდის ტენდენციას აჩვენებს. მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევები 205%-ით გაიზარდა, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა — 500-ით, ხოლო სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები 225%-ით არის მომატებული.