სამთავრობო კარუსელი - რა მიზანი აქვს ივანიშვილს

22.04.26 20:03
სამთავრობო კარუსელი - რა მიზანი აქვს ივანიშვილს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარდაქმნა მამუკა მდინარაძეს არ დასცალდა. 6 წლით გარანტირებულ სამსახურს არასრულ 8 თვეში ჩამოაშორეს და სუსის უფროსის გავლენაც ჩამოართვეს. მივა თუ არა სამთავრობო ცვლილებები კობახიძემდე? - "ოცნებაში" დაწყებული გადაადგილებები ოპოზიციას უჩენს განცდას, რომ ივანიშვილის პარტიაში  კობახიძე შესაძლოა პირველი კაცი აღარ იყოს. 

მთავრობაში მდინარაძისთვის შექმნილი პოსტის ფუნქცია ჯერ არავინ იცის, თუმცა ცხადია, რომ ძალოვანი მიმართულება მისი გახდება. ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები კი ფიქრობენ, რომ ეს პოსტი მდინარაძის გათავისუფლების შელამაზებაა - გზა, რომლითაც ჩამოქვეითება წარმატებად გასაღდა. მდინარაძის ასეთ ჩამოქვეითებაში კი კობახიძის გავლენების შესუსტების სიმპტომებს ხედავენ და არ გამორიცხავენ რომ სამთავრობო ცვლილეების ტალღამ ბოლოს პრემიერამდე მიაღწიოს.

სამთავრობო ცვლილებების შესახებ ბევრმა ქართულ ოცნებაში ეკრანებიდან გაიგო. ალბათ გამონაკლისი კახა კალაძეა, რომელიც დღეს ამ გადაადგილებებს ისე განმარტავს, ბუნებრივად აჩენს კითხვას - მასაც ხომ არ ემუქრება პოსტის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ ის არჩეულია. კალაძეს შეეძლო პასუხის გაცემა, თუმცა გაბრაზდა. 

საპარლამენტო შემადგენლობაში კი გუშინ გაგებული ამბის ახსნა უჭირთ. ზოგიერთმა ვერ გვითხრა მდინარაძე დააწინაურეს თუ ფუნქცია დაუკარგეს. განმარტება საკუთარ თავზე აიღო გია ვოლსკიმ და მდინარაძის გადასვლა სახელმწიფო მინისტრად მსოფლიოში არსებულ გლობალურ დაპირისპირებებს დაუკავშირა.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში: