"ივანიშვილმა მდინარაძე ლიმონივით გადაწურა და გადააგდო" - ლევან გოგიჩაიშვილი

22.04.26 21:12
"ივანიშვილმა მდინარაძე ლიმონივით გადაწურა და გადააგდო" - ლევან გოგიჩაიშვილი

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა მამუკა მდინარაძე "ლიმონივით გაწურა და გადააგდო". 

მისი თქმით, მამუკა მდინარაძე "ჯერ დაახარბეს", სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნეს, ყველაზე ბინძური საქმეები გააკეთეს ("ღარიბაშვილი და ლილუაშვილი მაგან [მდინარაძემ] დაიჭირა") და შემდეგ გააგდეს. 

ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, რომ მამუკა მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად დანიშვნა, სავარაუდოდ, კობახიძის დამსახურებაა -  "რაღაცა მოიგონა იმიტომ, რომ ადამიანი სანაგვეზე იყო".

ალბათ უფრო ძალოვანი ცვლილებები არის ეს, ეკონომიკურ ნაწილს არ ეხება, ეხება უფრო ძალოვან მიმართულებას, რომელიც ყოველთვის, თავიდან ბოლომდე არის ივანიშვილის კონტროლს ქვეშ. სუს-ი და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე პროკურატურა და სასამართლო არის ივანიშვილის პირადი საკურატორო.

ისე სწრაფად მოხდა ეს ცვლილებები, რომ გამოჩნდა ვინ კურირებდა ამ პროცესს. სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა ინსტიტუციურად ისე არის დალაგებული, რომ თუ არ არსებობს სერიოზული იმპიჩმენტის საფუძველი, ძალიან რთულია გენერალური პროკურორის და სუს-ის ხელმძღვანელის მოხსნა იმიტომ, რომ ამას სჭირდება 76 ხმა პარლამენტში, დაახლოებით იგივე ხმა, რაც საჭიროა მთავრობის ასარჩევად, შესაბამისად, როდესაც ესე სწრაფად ხორციელდება და პირობითად ეს ადამიანი [კობახიძე] ამას კურირებდა გამოდის, რომ მაშინ რაღაც წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს, მაგრამ ის, რომ კობახიძე არაფერს არ კურირებს და კობახიძე არის დამცირებული ამ ქვეყნის დე ფაქტო თანამდებობაზე, გამოჩნდა ალიევთან და არაბებთან შეხვედრაზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილს თანაშემწესავით დასდევდა. [...]

რა თქმა უნდა, მდინარაძე გააგდეს, გააგდეს იმისთვის, რომ ჯერ დაახარბეს მიიყვანეს სუს-ის ხელმძღვანელად, ყველაზე ბინძური საქმეები გააკეთებინეს, მათი გადმოსახედიდან, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი მაგან [მდინარაძემ] დაიჭირა და რაც ახასიათებს ივანიშვილს, ლიმონივით გადაწურა და გადააგდო, პირდაპირი მნიშვნელობით და ალბათ ეს მომენტიც, რომ მთავრობაში რაღაც შეუქმნა, ალბათ ეს კობახიძის დამსახურება შეიძლება იყოს, რომ რაღაცა მოიგონა იმიტომ, რომ ადამიანი სანაგვეზე იყო. [...]

ივანიშვილის ბუნება რა არის, რომ ადამიანი გამოიყენოს, გაწუროს, სიბინძურეში ახლართოს, ტალახში აგორიალოს და მერე მოიშოროს, ზუსტად ანალოგიური გაუკეთა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მის კისერზე იქნება ყოველთვის ღარიბაშვილი და ლილუაშვილი," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის თქმით, ერთ წელიწადში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 3-ჯერ შეცვლა ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა "ბარდაგი დაამყარა ამ ქვეყანაში".

...ახალი ხელისუფლება იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მინისტრიან-დამლაგებლიანად გამოცვალო მთელი შტატი, ეს შეუძლებელია, ამას ვერცერთი სახელმწიფო ვერ გაუძლებს, ამ ხალხის გაზრდაში, პროფესიონალიზმში სახელმწიფო ფულს დებს და შენ წელიწადში სამჯერ გამოცვალო სუს-ის ხელმძღვანელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ბარდაგია ამ ქვეყანაში. ივანიშვილმა ბარდაგი დაამყარა ამ ქვეყანაში," - თქვა მან. 

ცნობისთვის, "ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ  გუშინ 21 აპრილს თქვა, რომ გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხდება. 

მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს.  საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: მამუკა მდინარაძისთვის ახალი უწყება იქმნება -  ის ძალოვან სტრუქტურებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც ხდება. [შესაბამისი ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაუჭიროს მხარი].

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ პოსტზე სულხან თამაზაშვილს ნიშნავენ.