რას ამბობს ირაკლი კობახიძე საკადრო ცვლილებებზე

23.04.26 12:14
რას ამბობს ირაკლი კობახიძე საკადრო ცვლილებებზე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებების საფუძველი სამართალდამცავ ორგანოებს შორის მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობა გახდა. 

როგორც, კობახიძე აღნიშნავს, მისთვის შეუძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ადევნოს თვალი, შესაბამისად ახალი თანამდებობის, სახელმწიფო მინისტრის შემოღება "არის აბსოლუტურად პრაგმატული", რასაც ეფუძნებოდა საკადრო ცვლილებები. 

საკადრო ცვლილებების საფუძველი არის ძალიან მარტივი. ჩვენ გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის. კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული კოორდინაცია. ჩვენ ამის კარგი პრაქტიკა გვქონდა გასული თვეების განმავლობაში, მაშინ, როდესაც მაგალითად გვიწევდა 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობის აღკვეთა. გვქონდა ძალიან კარგი კოორდინაცია. თუმცა ეს კოორდინაცია არ იყო ფორმალიზებული. ახლა ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ფორმალიზებული, ძლიერი კოორდინაციით გავაგრძელოთ მუშაობა. ყოველდღიურ რეჟიმში არის უამრავი საკითხი, ერთობლივად გადასაწყვეტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ჩემთვის პირადად შეუძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ვადევნო თვალყური, ამისთვის ახალი თანამდებობის შემოღება არის აბსოლუტურად პრაგმატული და ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, "ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ  გუშინ 21 აპრილს თქვა, რომ გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხდება. 

მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს.  საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: მამუკა მდინარაძისთვის ახალი უწყება იქმნება -  ის ძალოვან სტრუქტურებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც ხდება. [შესაბამისი ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაუჭიროს მხარი].

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ პოსტზე სულხან თამაზაშვილს ნიშნავენ.