კობახიძეს ვურჩევდი ჩაიხედოს სარკეში, ეყოს შნო, დაიბაროს ირანის ელჩი, რომელიც საშიში ენით გვემუქრებოდა - გეგელია

23.04.26 13:38
კობახიძეს ვურჩევდი ჩაიხედოს სარკეში, ეყოს შნო, დაიბაროს ირანის ელჩი, რომელიც საშიში ენით გვემუქრებოდა - გეგელია

მას ვურჩევდი ჩაიხედოს სარკეში, ეყოს შნო, დაიბაროს ირანის ელჩი, რომელიც საშიში ენით გვემუქრებოდა - ასე ეხმაურება ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც დღეს  ევროკავშირის ელჩის გზავნილს მუქარა უწოდა და თქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება "მიზანშეწონილია"

გეგელიას თქმით, დღეს თუ ვინმე ემუქრება საქართველოს, ეს კობახიძე და მისი ადმინისტრაციაა. 

ოპოზიციონერი ამბობს, რომ კობახიძე არცერთ ჯერზე არ იბარებს არცერთ იმ ელჩს, რომელთაც რეალურად უნდა დაუსვას კონკრეტული კითხვები ქართველი ხალხის ინტერესების სახელით. 

დღეს, თუ ვინმე ემუქრება საქართველოს დაპირისპირებით და გაღარიბებით ეს არის, უპირველეს ყოვლისა, კობახიძე და მისი ადმინისტრაცია,რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველები დაეპირისპირებინა ერთმანეთთან და დაეთესა შუღლი. გაეღარიბებინა ჩვენი ერი და არაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ ამ ერის პოტენციალი და ევროპული მისწრაფება განხორციელდეს. ამიტომაც მე მას ვურჩევდი, ჩაიხედოს სარკეში და ნაცვლად ევროპული კავშირის ელჩისა და ევროკავშირის სხვადასხვა ელჩის დაბარებისა, ეყოს იმის შნო, რომ დაიბაროს ირანის ელჩი, რომელიც გვემუქრებოდა ძალიან საშიში ენით, დაიბაროს უნგრეთის ელჩი და მას გამოჰკითხოს, რუსეთის ჯაშუში რომ მუშაობდა უნგრულ დიპლომატიურ სამსახურში, როგორ მოხდა,რომ ოთხი წლის განმავლობაში აქ იყო და ჩვენთვის არაფერი არ არის ცნობილი, ამ დროის განმავლობაში, ასევე მსტოვრობდა თუ არა ასევე, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. ჩვენ ვხედავთ, რომ კობახიძე არცერთ ჯერზე არ იბარებს არცერთ იმ ელჩს, რომელთაც რეალურად უნდა დაუსვას კონკრეტული კითხვები ქართველი ხალხის ინტერესების სახელით. სამაგიეროდ, ყველა ჩვენ მეგობარ და პარტნიორი ქვეყნის ელჩს მუდმივად საქმეს ურჩევს და თითს უქნევს, რაც კიდევ ერთხელ გამოხატულებაა იმისსა, რომ ირაკლი კობახიძე არის რუსი და ემსახურება რუსულ ეროვნულ ინტერესებს და არა ქართულ ეროვნულ ინტერესებს“- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება "მიზანშეწონილია. "ოცნების" ლიდერმა დღეს პაველ ჰერჩინსკის განცხადებას მუქარა უწოდა და ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ელჩი "ტრაგიკულ მდგომარეობაშია"

დღეს ელჩის დაბარება ასევე მოითხოვა კახა კალაძემაც. 

რა თქვა ევროკავშირის ელჩმა: 

 პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ "საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება".

"საქართველო გზაგასაყარზე დგას. ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება" - თქვა ჰერჩნკიმ.