„მდინარაძის გაძლიერება გაწუხებთ“ — მაჭავარიანი ოპოზიციას
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძისთვის ახალი პოზიციის შექმნას ივანიშვილის გუნდის მხრიდან მხარდაჭერა მოჰყვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ოპოზიცია პოლიტიკური მოტივებით კრიტიკაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მდინარაძის როლის გაძლიერება მათთვის მიუღებელია.
მისი მტკიცებით, ახალი პოზიცია უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინაციას, ისე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას.
„რაც შეეხება თქვენს რიტორიკას ბატონ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით - ბატონი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სულ რაღაც ნახევარი წელი ხელმძღვანელობდა და ეს სამსახური აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ვიხილეთ, თუ როგორი ნაბიჯები გადადგა მან კორუფციის მიმართულებით, ტერორიზმის მიმართულებით. რამდენი საქმე გაიხსნა იმასთან დაკავშირებით, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოჰქონდათ საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს გავლით გაჰქონდათ, თბილისთან ახლოს სამალავები აღმოჩნდა, სადაც გადამალული იყო შეიარაღება. მე არ მგონია, ასეთი ტემპით და ასეთი ხარისხით, რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ემუშავა. თქვენ, მთლიანად ოპოზიციას ძალიან მაგრად გაწუხებთ ის, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან ერთი მხრივ, კოორდინაციას გაუწევს ბატონ გეკა გელაძეს, ბატონ სულხან თამაზაშვილს და თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გადააზღვევს მათ გადაწყვეტილებებსაც და მეორე მხრივ, ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს საშუალებას მისცემს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში და განსაზღვრაში მიიღოს მონაწილეობა.
ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს ბატონ მამუკა მდინარაძეს. ხომ დამეთანხმებით, რომ საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურის უზარმაზარი წვლილი არის ამაში. თქვენ პოპულისტურ ნაბიჯებს რომ დგამთ და ამბობთ პენსია უნდა გაიზარდოსო, ძალიან დიდი სიამოვნებით გავზრდიდით პენსიას, მაგრამ დღეს მაგის საშუალება არ გვაქვს. და კითხვას რომ გისვამენ, რის ხარჯზე გაზრდით პენსიას, რას მოაკლებდით დაფინანსებასო, თქვენი პასუხია, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსო. ეს არის უპასუხისმგებლო პასუხი და პოპულიზმი,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.