მარტში ძროხის ხორცი წლიურად 17%-ით, ღორის კი 9.4%-ით გაძვირდა

29.04.26 15:23
მარტში ძროხის ხორცი წლიურად 17%-ით, ღორის კი 9.4%-ით გაძვირდა

მარტში ძროხის ხორცი წლიურად 17%-ით, ღორის კი 9.4%-ით გაძვირდა -  ინფორმაციას ამის შესახებ BMG საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ძროხის ხორცის ფასი იანვრიდან მოყოლებული 10%-ზე მეტად იზრდება. უფრო დეტალურად, ძროხის ხორცი 2026 წლის იანვარში წლიურად 13.5%-ით გაძვირდა, თებერვალში მატება 15.3% იყო, ხოლო მარტში 16.7%. ძროხის ხორცის ფასი გაიზარდა თვის ჭრილშიც და მარტში, თებერვალთან შედარებით, 1.4%-იანი მატება იყო.

ღორის ხორცის ფასი 11%-ით გაიზარდა იანვარში, ფასის წლიური ზრდა 10.1% იყო თებერვალში, მარტში კი 9.4%. მარტში, თებერვალთან შედარებით, ფასი 0.8%-ით შემცირდა.

გაიზარდა ქათმის ხორცის ფასიც - წლიური მატება იანვარში 10.6% იყო, თებერვალში 9.4%, მარტში 6.6%. მატებაა თვის ჭრილშიც და მარტში, წინა თვესთან შედარებით, ზრდა 2% იყო. ამასთან, მარტში წლიურად 14.5%-ით გაიზარდა ძროხის ხორცის ფარშის ღირებულება და 6%-ით გაძვირდა შებოლილი ხორცი. იანვარში 10.1%-ით გაძვირდა კვერცხი.

"4.60 ლარად 10 კვერცხს გაყიდინებთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს 0.5 კილოს გაყიდინებთ 10 ლარში", - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ყოფილა თუ არა ბოლო დროს თვითონ, ან თავისი ოჯახის წევრი ბაზარში, იმ ფონზე, როცა "ფასების კომისიის" მუშაობის პარალელურად პროდუქცია ძვირდება.

„გაძვირება ტყუილია, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით. ჩვენი ამოცანაა, ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მთავრობაში მომავალ კვირაში გვექნება და ამის შემდეგ, საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები