შეიცვლება თუ არა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი? - რას ამბობენ "ოცნებაში"
ხომ არ ფიქრობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ მოლაპარაკებების პროცესი ჟენევიდან გადაიტანოს უფრო მეგობრულ ქვეყნებში? - ეს კითხვა კრემლის პროპაგანდისტს, მარია ზახაროვას კახა კალაძის სიძემ, პაატა აბულაძემ დაუსვა.
აღნიშნული კითხვის შემდეგ გარკვეულ წრეებში დაისვა კითხვა, ხომ არ იყო პაატა აბულაძის კითხვა "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებული - ამის გადასამოწმებლად "პირველებმა" კითხვები "ოცნების" წევრებს დაუსვა.
"პირველი" ვისაც ამის შესახებ ვკითხეთ, თავად კითხვის ავტორის დის ქმარი, კახა კალაძეა:
თქვენ რომ სვამთ ამ კითხვას, არ გეცინებათ თქვენ თვითონ? შეეშვით ამ სპეკულაციებს და სისულელებს"- განაცხადა კალაძემ.
ის, რომ ჟენევის ფორმატი არ მოსწონს, ეს დღეს ტელეკამერების წინ არ დამალა გია ვოლსკიმ - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ "თუ შედეგით ვიმსჯელებთ, ფორმატი მოუქნელია"
ეს ფორმატი რაც შეიქმნა, თვითონ შედეგით თუ ვიმსჯელებთ, მოუქნელია. სხვადასხვა პოზიციები უფრო მეტად პოლიტიკურ სპეკულაციებს ჰგავს, ვიდრე მოლაპარაკებას რაღაც საკითხთან მიმართებაში. იცით რა ფორმატის შედეგი არ მომწონს, თორემ ფორმატი საინტერესოა. დელეგატთა სიები არ არის, პიროვნული ასპექტით არის წარმოდგენილი ყველა იქ. მაინც მნიშვნელოვანია ჟენევაში მიმდინარეობდეს ყველაფერი, ვინაიდან ჯერ ეს ერთი საერთაშორისო მონაწილეობა და საქართველსო არსებულ პრობლემებზე საერთაშორისო ყურადღება ამ ჟენევის თუნდაც უშედეგო ფორმატით განპირობებულია", - აცხადებს გია ვოლსკი.
რაც შეეხება კითხვას, შეიცვლება თუ არა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი? - "ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ ამ ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გუნდში არანაირი განხილვა არ ყოფილა.
არანაირი განხილვა ამ ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით - არც ადგილის, არც ფუნქციის, არც შინაარსის, არც მისი მონაწილეების არ განიხილება. მთავარი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ოკუპაციის პრობლემა დასრულდეს, აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამ საკითხებსი ირგვლივ, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ფორმატის ფარგლებში, უპირველეს ყოვლისა, მზად ვართ უშუალოდ მის მონაწილეებთან სალაპარაკოდ", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, მარია ზახაროვა, არ გამორიცხავს რომ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატზე მსჯელობა გაგრძელდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს ამის შესახებ კითხვა კახა კალაძის სიძემ, პაატა აბულაძემ დაუსვა. მას აინტერესებდა, ხომ არ სჯობს ორ ქვეყანას შორის საუბარი სხვა ტერიტორიაზე, მაგალითად მინსკში.
მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მხარეებისთვის პრიორიტეტი შედეგი უნდა იყოს და არა ფორმატის გეოგრაფიული ცვლილება.
რაც შეეხება ამ ფორმატის ჟენევიდან გადატანას - სხვა, ნამდვილად ნეიტრალურ და ყველასათვის მისაღებ ადგილას, გაეროს, ევროკავშირის და ეუთოს თანათავმჯდომარეების გარდა არიან აფხაზეთის რესპუბლიკის, რუსეთის, სამხრეთ ოსეთის, საქართველოსა და ამერიკის წარმომადგენლები - განაცხადა ზახაროვამ.
- 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყდა ყველანაირი პირდაპირი დიალოგი. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებთან და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხზე იმსჯელებდა. ჟენევაში წელიწადში 4 რაუნდი ტარდება.