იმედია, ისეთ სტრატეგიას შევარჩევთ, სადაც ივანიშვილს ნებისმიერ მოედანზე იპონით დავდებთ და დავამარცხებთ - კუპრაძე
“ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ - ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილს ბოლო დროინდელი განცხადებები, სოციალურ საკითხებზე და არჩევნების თემაზე, მნიშვნელოვანია.
როგორც კუპრაძემ ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ განაცხადა, “ლელო“ ყოველთვის ცდილობდა, ყველა შესაძლებლობა გამოეყენებინა ქვეყანაში სიტუაციის გამოსასწორებლად, თუმცა, ოპოზიცია საპირისპიროს ამბობდა და ხშირად ხდებოდნენ ლანძღვის ობიქეტები.
დღეს სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციის ნაწილმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია სოციალურ საკითხებზე საუბარი და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების თემა ისევ დაბრუნდეს. ჩვენი პოზიცია ძალიან ცალსახაა, სასიამოვნოა ის, რომ ოპოზიციის ნაწილი რეალურ საკითხებს უბრუნდება, მათ შორის პოლიტიკური აქტორები. სალომე ზურაბიშვილი ის პირი იყო, რომელიც გამოვიდა არჩევნების წინა დღეს და თქვა, რომ არჩევნებზე არ მივდივარ, არც თქვენ არ წახვიდეთო. კარგია, რომ უბრუნდებიან საღ აზრს, ჩვენი საღი აზრი გვქონდა და ვამბობდით, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოგვეყნებინა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შესაძლებლობა მათი შეცდომების და ბრალეულობის გამო, ხელიდანაა გაშვებული, ამის გამო გვლანძღეს და რა არ გვეძახეს, მაგრამ, კიდევ კარგია ახლა მაინც უბრუნდებიან საღ აზრს, იმედია, ეს საღი აზრი გაიმარჯვებს და ისეთ სტრატეგიას შევარჩევთ, სადაც ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ მოედანზე იპონით დავდებთ და დავამარცხებთ, - განაცხადა კუპრაძემ.