“ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების შიშზე დგას - ანი წითლიძე

30.04.26 23:19
 “ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების შიშზე დგას - ანი წითლიძე

“ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების შიშზე დგას, - ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი წითლიძემ ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა.

წითლიძე გამოსავალს მხოლოდ ამ შიშის გადალახვაში ხედავს, რაც მისი თქმით, “ქვეყანას რეჟიმის მოშორებაში დაეხმარება“.

ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, - ამბობს წითლიძე.

“ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი არ ჰყავს, ვინც ჰყავს, ისინიც ცოტანი არიან. იმიტომ რომ ეს არის რეპრესიული ხელისუფლება, მათ იკადრეს ის, რაც 2023 წელს ვერ წარმოგვედგინა. რაც ყველაზე მთავარია, ის დგას შიშზე, საქართველოს მოქალაქეების შიშზე და მე ამას ყოველდღიურად ვხედავ. ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ უნდა შევძლოთ, ყველამ ერთად, ოპოზიციამ, პოზიციამ, საქართველოს მოქალაქეებმა, “ოცნების“ ამომრჩეველსაც და “ნაციონალების“ ამომრჩეველსაც უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება გვინდა და უკეთეს ქვეყანაში რომ ვიცხოვროთ, ამისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრების ღირსეული პირობები გვქონდეს. ღირსეულ პირობებს კი, 14 წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ “ოცნება“ ვერ შექმნის. ამიტომ, შიში უნდა გადავალახინოთ საქართველოს მოქალაქეებს და რეჟიმი უნდა მოვაშოროთ, ამის შემდეგ კი შესაძლებელი გახდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, - განაცხადა წითლიძემ.

მსგავსი სიახლეები