„ამ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ“ - დაპირისპირება ფასების კომისიის სხდომაზე

01.05.26 12:43
„ამ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ“ - დაპირისპირება ფასების კომისიის სხდომაზე

ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიაში განხილვამ პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბაზარზე არსებული პრობლემების მთავარი მიზეზი კონკურენციის ნაკლებობა და სისტემური კორუფციაა, მაშინ როცა კომისია აქცენტს სტრუქტურულ ხარვეზებზე აკეთებს.

თუ გვინდა, რომ საქართველოში ფასებმა დაიწყოს კლება, ამისთვის საჭიროა ჯანსაღი კონკურენცია. ჯანსაღი კონკურენცია ვერ შეიქმნება, თუ არ მოისპო ნეპოტიზმი, არ მოისპო ლობირება და არ მოისპო კორუფცია. ამას რეალურად მხარს უჭერთ და ზოგიერთი მფარველობთ. ჩვენ ამ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძემ ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

კერესელიძე მიიჩნევს, რომ ლობირებისა და მფარველობის გარეშე ეს კომპანიები იმას ვერ გაბედავდნენ, რასაც ახლა აკეთებენ.

„საქართველოში თუ გვინდა, რომ ფასებმა დაიწყოს კლება, ამისთვის საჭიროა ჯანსაღი კონკურენცია. ჯანსაღი კონკურენცია ვერ შეიქმნება ვერც ერთ შემთხვევაში თუ არ მოისპო ნეპოტიზმი, არ მოისპო ლობირება და არ მოისპო კორუფცია. სხვა შემთხვევაში ეს კომპანიები ამდენს ვერც გაბედავდნენ, ვერც მიაღწევდნენ და არც ჩაიდენდნენ ასეთ არასწორ ქმედებებს, რასაც ისინი დღეს აკეთებენ. ამას რეალურად მხარს უჭერთ და ზოგიერთი მფარველობთ, თორემ ამდენ ხანს ასე ვერ განვითარდებოდნენ ესენი. ბოლოს დავამთავრებ იმით, რომ ჩვენ ამ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ და თქვენ რადგან გჯერათ ამ დასკვნის და გჯერათ, რომ ამ დასკვნის რეალიზების შემდეგ საქართველოში ფასები დაიწყებს კლებას, წარმატებას გისურვებთ, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ ეს ასე მოხდება,“ - განაცხადა კერესელიძემ.

თავის მხრივ, კომისია განსხვავებულ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი ბაზრის სტრუქტურული პრობლემებია. დასკვნის მიხედვით, გადაჭარბებული მოგება არ არის ძირითადი მიზეზი — პრობლემა არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებსა და გრძელ მიწოდების ჯაჭვშია.

კომისია გამოსავლად ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრების შექმნას ასახელებს, რაც, მათი შეფასებით, დააახლოებს მწარმოებლებსა და საცალო ქსელებს, ასევე იმპორტიორებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს.

პარალელურად, რეკომენდაციაში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოს ჩარევა უნდა იყოს „რბილი“ და არა აგრესიული, რათა ფასების პირდაპირი ადმინისტრირება დამატებით პრობლემებს არ წარმოშობდეს.

 

მსგავსი სიახლეები