ფასების კომისიაზე მუშაობა "ოცნებამ" დაასრულა ერთადერთი დასკვნით, მათი ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ მათ ჯიბეებს ზრდის - კერესელიძე

01.05.26 14:13
ფასების კომისიაზე მუშაობა "ოცნებამ" დაასრულა ერთადერთი დასკვნით, მათი ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ მათ ჯიბეებს ზრდის - კერესელიძე

 

 

ირაკლი კობახიძემ გასცა ფუჭი დაპირება, რომ აპრილში ფასები შემცირდებოდა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა შალვა კერესელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, 1 მაისს, შრომის საერთაშორისო დღეს ქვეყანა მძიმე სოციალურ ფონზე ხვდება, სადაც გაძვირებული ცხოვრება და დაპირებების შეუსრულებლობა ყოველდღიურ რეალობად იქცა.

მისი შეფასებით, ხელისუფლების მიერ შექმნილი ფასების კომისიის დასკვნა ვერ პასუხობს მოსახლეობის მთავარ გამოწვევას და რეალურ ეკონომიკურ პრობლემებს გვერდს უვლის.

კერესელიძე აკრიტიკებს "ოცნების" ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას და აცხადებს, რომ გაძვირებული ცხოვრება კორუფციისა და არასწორი მართვის შედეგია. მისივე თქმით, ხელისუფლება უარს ამბობს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მოსახლეობის მდგომარეობას გააუმჯობესებდა — მათ შორის მინიმალური ხელფასის ზრდაზე, პენსიების მატებაზე და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე.

1 მაისი შრომის საერთაშორისო დღეა და ამ  დღეს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის გამო ციხეში გამოკეტილი მაღაროელებით ვხვდებით და ვხვდებით ფასების კომისიის დასკვნით, რომელიც ამბობს, რომ ბაზარი და ფასები თურმე კონკურენტულია. 
 

ქვეყანაში უსამართლოა დოვლათის განაწილება, უაღრესად დაბალია შრომის ანაზღაურება და მოსახლეობას შემოსავალი არ ყოფნის გაძვირებული ფასების ფონზე პირველადი საჭიროებებისთვის.
რამდენიმე თვის წინ თავად ოცნებამ აღიარა, რომ საქართველოში  ფასები ევროპაზე ძვირია და ირაკლი კობახიძემ გასცა ფუჭი დაპირება, რომ აპრილში ფასები შემცირდებოდა. 

 

დღეს 1 მაისია, ირაკლი კობახიძე კი TV იმედის ცნობითაც - მატყუარა პრემიერ-მინისტრი.
ფასები კი არ შემცირდა - გაძვირდა. 
ფასების კომისიაზე მუშაობა ოცნებამ დაასრულა ერთადერთი დასკვნით _ რომ მათი ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ მათ ჯიბეებს ზრდის, მაგრამ ფასებს ვერ ამცირებს. 

 

ვეთანხმებით ოცნებას. მათ ნამდვილად არაფრის გაიაფება არ შეუძლიათ, რადგან გაძვირებული ცხოვრება სწორედ ოცნების კორუფციითა და გაუმაძღობითაა გამოწვეული.   
 

ამიტომ არ ირჩევს ოცნება ევროპას. რადგან ევროპული წესრიგი არა 20-25 ოჯახის სიხარბეს, არამედ კეთილდღეობის სამართლიან განაწილებას და თითოეული მოქალაქის ღირსეულ ცხოვრებას ემსახურება. 
 

ფასების ყალბი კომისიის ნაცვლად, ჩვენ ოცნებას ამ კონკრეტულ ნაბიჯებს ვთავაზობდით: 


1) პირველი - კორუფციაზე, მონოპოლიებსა და კარტელურ შეთანხმებებზე უარის თქმა.
2) მეორე_ - მინიმალური ხელფასის დაწესება 1050 ლარის ოდენობით. საქართველოს მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში იაფი მუშახელი არ უნდა იყოს. 
3) მესამე  - პენსიების გაზრდა 200 ლარით. 
4) მეოთხე - უმუშევრობის დაზღვევა - ადამიანს არ უნდა ეშინოდეს სამსახურის დაკარგვის გამო მყისიერი გაღარიბების! 
5) ადგილობრივი და ეროვნული წარმოების ხელშეწყობა და მხარდაჭერა!

ოცნებამ ამ ყველაფერზე უარი გვითხრა.  ნათელია, ოცნება ხალხს ვეღარაფერს შესთავაზებს ტყუილების, ჩაგვრის, უსამართლობის, გაძვირებისა და გაუარესებული ცხოვრების გარდა! 
ხალხს სჭირდება კეთილდღეობა საკუთარ ოჯახებში და არა პროპაგანდისტული იმედის ქარდებზე დახატული!, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.