რისთვის მიდის კობახიძე სომხეთ-ევროკავშირის სამიტზე - რას ამბობენ "ოცნებაში"
ირაკლი კობახიძე ერევანში მიემგზავრება. ტვ პირველის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ლიდერი სომხეთ-ევროკავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
"პირველებმა" დღეს "ოცნების" წევრებს ჰკითხა, როგორ ხსნიან ფაქტს, რომ თან ევროკავშირს აკრიტიკებენ და თან თან მათთან ურთიერთობების დალაგება სურთ.
კითხვაზე პასუხად "ოცნება" ისევ დიფ სთეითის გავლენებზე საუბრობს. ლევან მაჭავარიანის მტკიცებით, ევროპელი ლიდერები ან გონს მოეგებიან და "ოცნებასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებენ ან ისინი დროთა განმავლობაში შეიცვლებიან.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არაფორმალურ გავლენებზე, პრემიერი იქნება თუ რიგითი დეპუტატი, შემდეგ თქვენი შეკითხვაა, რომ ამის ფონზე როგორ უნდა დაალაგოთ ურთიერთობები... მაგალითად, აშშ-ს ადმინისტრაციაში არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე დიფ სთეითის, როგორც ბატონი ტრამპი უწოდებს, ჭარბი გავლენები იყო და შესაბამისად, შეიცვალა ადმინისტრაცია. ამჟამინდელი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ღია ომი აქვს გამოცხადებული ე.წ. დიფ სთეითთან და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ ურთიერთობას ახალ ადმინისტრაციასთან. ზუსტად ანალოგიურია ევროკავშირთან მიმართებაშიც. დღევანდელი მმართველი კლასი, რომელიც აბსოლუტურად დამოკიდებულია ასეთ გავლენებზე, ეს მმართველი კლასი ან გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ "ქართულ ოცნებას" ვერც რევოლუციით ანაცვლებს, ვერც არჩევნებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე სცადა ერთიც და მეორეც, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს, ან ეს მმართველი კლასი გამოიცვლება, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
ლადო ბოჟაძე კი ამბობს, რომ ევროპელი პარტნიორები საქართველოსთან მიმართებით "უსამართლო" განცხადებებს აკეთებენ და მათი მხრიდან კრიტიკული პასუხიც სრულიად ლოგიკურია.
მე არ ვიცი ირაკლი კობახიძე რას ეტყვის მარტა კოსს და რას - არა. არ მგონია, ასეთ შეხვედრებზე ასეთი განცხადებების ადგილი იყოს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი ღირსეულად დაიცავს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს. თუ უსამართლო განცხადებებს გააკეთებენ, არ გავაკრიტიკოთ? მარტა კოსი, რა, მოციქულია უფლის? მე არავინ გამილანზღავს და არ მგონია, ვინმეს ვინმე გაელანძღოს. ჩვენ ვაგრძელებთ სვლას ევროკავშირისკენ, ოღონდ იმ გადაწყვეტილებებს, რაც არის მიუღებელი და უსამართლო, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ გავითვალისწინებთ, - ამბობს ლადო ბოჟაძე.
ამ ფონზე ექსპერტებისთვის გაუგებარია, რა უნდა ირაკლი კობახიძის აღნიშნულ სამიტზე.
ევრიკავშირი ძალიან აქტიურად ერთვება უკვე სომხეთთან მოლაპარაკებებში. სომხეთი ხდება, რეალურად, ძირითადი ყურადღების სამიზნე ევროკავშირის მხრიდან, რაც ნამდვილად მისასალმებელია. გაუგებარია, უბრალოდ, ნამდვილად, რას უნდა აკეთდებდეს იქ ირაკლი კობახიძე ან რისთვის მიდის იქ "ქართული ოცნების" წარმომადგენელი. ჩემი აზრით, არანაირი ფუნქციონალური დატვირთვა მას იქ არ ექნება. მხოლოდ ექნება შესაძლებლობა, რომ შექმნას შთაბეჭდილება ქართველი მოსახლეობისთვის, რომ თითქოს ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება ყველაფერი ევროკავშირთან, რაც რეალობას ნამდვილად არ შეესაბამება. "ქართული ოცნება" რეალურად აღარაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ამიტომ მისი იქ ყოფნა სხვა არაფერია თუ არა თვალთმაქცობა, - ამბობს დიპლომატი გიგი გიგიაძე.
აღსანიშნავია, რომ ერევანში სომხეთ-ევროკავშირის ერთობლივი სამიტი 4- 5 მაისს გაიმართება, რომლის შემდეგაც ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდება.