"არაფერი განსაკუთრებული" - კალაძე საქართველო-უკრაინს ურთიერთობებზე
"ჩვენ არაფერი არ გვინდა" - ასე უპასუხა კახა კალაძემ "პირველების" შეკითხვას საქართველო-უკრაინის ურთიერთობების განახლებასთან დაკავშირებით.
კახა კალაძის განმარტებით, "ქართულ ოცნებას" უკრაინასთან მიმართებით არანაირი პოზიცია არ შეუცვლია და "ამ ეტაპზე განსაკუთრებული არაფერი ხდება".
არანაირი პოზიცია არ შეგვიცვლია რა ვიცი, რა პოზიცია გვქონდა უკრაინასთან მიმართებით, იგივე პოზიცია გვაქვს, ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს.
მე კი არ ვადანაშაულებდი, ჩვენ ხალხი რატომ გვირჩევს პოლიტიკოსებს იმიტომ, რომ გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი, შესაბამისად ეს დამოკიდებულება მაქვს უკრაინასთან დაკავშირებითაც.
ჩვენ არაფერი არ გვინდა კაცო, ჩვენ გვინდა რომ უკრაინაში იყოს მშვიდობა. როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი პრემიერ-მინისტრთან, რა თქმა უნდა, მოუსმინა, ჰქონდა რაღაცა საკითხები, და მოუსმინა.
თუ საჭირო იქნება ამის გაჟღერება, ჩვენი მხრიდან, ან მათი მხრიდან, ეს რა თქმა უნდა ცხადი გახდება და გაიგებს ყველა, ამ ეტაპზე არაფერი განსაკუთრებული," - განაცხადა კალაძემ.
ერევანში შეხვედრიდან ორ დღეში, 6 მაისს, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანდრიი სიბიჰამ და მაკა ბოჭორიშვილმა ტელეფონით ისაუბრეს.
6 მაისის საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა ცნობა, სადაც საუბარი იყო, რომ სატელეფონო საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა.
უკრაინის საგარეო უწყება, თავის მხრივ, წერს, რომ სიბიჰამ კოლეგასთან საუბრისას განაცხადა, რომ მოხარულია მაკა ბოჭორიშვილთან დიალოგის გაგრძელებით.
აღსანიშნავია, რომ უკრაინასა და საქართველოს ამჟამად არ ჰყავთ ელჩები თბილისსა და კიევში - დიპლომატიური ურთიერთობები მათ შორის დროებითი რწმუნებულების დონეზეა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს 4 მაისს ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
კიევსა და თბილისს შორის წლების მანძილზე გართულებული ურთიერთობების ფონზე, ორი ლიდერის საუბრის დეტალები მედიის ინტერესის სფეროდ რჩება, თუმცა დეტალების შესახებ თბილისში დაბრუნებულმა ირაკლი კობახიძემ საუბარი არ ისურვა. კომუნიკაციის დეტალებზე არაფერს წერს თავად ვოლოდიმირ ზელენსკიც.