პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს - ინტერვიუ ექიმ მაია კოხტაშვილთან, რომელსაც არჩევნებში კენჭისყრა 5 წლით აუკრძალეს

05.11.26 22:59
პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს - ინტერვიუ ექიმ მაია კოხტაშვილთან, რომელსაც არჩევნებში კენჭისყრა 5 წლით აუკრძალეს

მე პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს - ასეთია ახმეტელი ექიმის მაია კოხტაშვილის რეაქცია ამბავზე, რომლის მიხედვითაც მას საპროცესო შეთანხმების მიხედვით, პასიური საარჩევნო უფლება 5 წლით ჩამოერთვა.

საპროცესო შეთანხმების ამ ჩანაწერის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. 

ექიმმა ნევროლოგმა "რეაქციისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მისთვის მთავარია, რომ ლიცენზია არ ჩანოურთმევიათ და ხალხის სიყვარულს ისევ გრძნობს. 

"მინდა, ისევ შევიყუჟო ჩემს ახმეტაში და ვიჭუკჭულო ჩემს პაციენტებთან, მე მხოლოდ ჩემი საექიმო საქმიანობა მაინტერესებს"- ამბობს მედიკოსი. 

ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებას რაც შეეხება, მაია კოხტაშვილი ამბობს, რომ თავიდან არ უფიქრია, რომ პოლიტიკური მიზნით დააკავეს, თუმცა ეს კონტურები მედიკოსის განცხადებით, შემდეგ გამოიკვეთა. 

"უნდდათ ოჯახის დასჯა"- ამბობს ის. 

"თავიდან ვიფიქრე, რომ გადაწყვიტეს ექიმების დასჯა, ამას მოჰყვა 14 დღიანი ფსიქოტროპული რეცეპტების გაწერა, ძალიან დაიტანჯნენ, ყოველ 14 დღეში ერთხელ მოდიოდნენ პაციენტები, თან როგორი პაციენტები - ჭოინებით და ხელჯოხებით რომ მოდიოდნენ ისეთი ადამიანები. ძლივს ამოდიოდნენ კიბეებზე და ეს ძალიან ძნელი იყო, შემდეგ აფთიაქში უნდა მისულიყვნენ, კამერებს უნდა დაეფიქსირებინათ, რომ ნამდვილად ისინი იყვნენ, ხელი უნდა მოეწერათ ამ ფსიკოქტროპულ რეცეპტრებზე და ძალიან დაიტანჯნენ. ადრე სამ თვეში ერთხელ ვწერდით მსგავს რეცეპტებს, ახლა ეს კანონი განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა ფსიქიური პაციენტებისთვის. ამის შემდეგ მეც ამოვიღე ხმა, სოციალურ ქსელში დავწერე, სოლიდარობა გამოვუცხადე ფსიქიატრებს, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ეს ასე არ შეიძლებოდა, ალბათ ეს არ მოეწონათ-თქო და გადაწყვიტეს, ჩემი სახით ყველა ექიმი გარჩუმებინათ-მეთქი. თავიდან ასე ვიფიქრე, მერე ნელ-ნელა გამოირკვა: ჩემი შვილები დგანან რუსთაველზე, აპროტესტებენ, არ მოსწონთ ეს სისტემა, რა თქმა უნდა, მეც არ მომწონს. საბოლოოდ რატომ გადაწყვიტეს ჩემი დასჯა ასე მწარედ, დღესაც ვერ გავარკვიე, ასე მგონია ოჯახის დასჯა გადაწყვიტეს, ჩემი სიძე [აქციების დროს] დაკავებული იყო, ჯარიმაც ჰქონდა გადახდილი. ანი [შვილი] ვერ დაიჭირეს, რადგან პატარა ჰყავს - ალბათ ასე იყო - რომ გაეჩუმებინათ [ოჯახი] თუმცა ამ ყველაფერმა ძალიან დიდი რაღაც ააგორა ხალხში. ახმეტაში ყველა ხვდება, რატომ დამიჭირეს, აქ რეცეპტის დაწერა არაფერ შუაში იყო. დამიჭირეს რეცეპტის გამო და არცევნებში მონაწილეობა ამიკრძალეს - ამ ორ რამეს ერთმანეთთან ვერაფრით ვაკავშირებ! "- განაცხადა მედიკოსმა. 

მაია კოხტაშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. მედიკოსს ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გაცემას ედავებოდნენ.

აღნიშნული მუხლი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ერთ წლამდე ან უამისოდ.

მოგვიანებით კოხტაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და 6 თვით შეეზღუდა მართვის უფლება, თუმცა დარჩა საექიმო საქმიანობის უფლება.

მსგავსი სიახლეები