ახმეტელ ექიმს არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა
ექიმ მაია კოხტაშვილს არჩევნებზე კენჭისყრა 5 წლით აეკრძალა - ინფორმაცია "მთის ამბებმა" საქმის პროკურორზე დაყრდნობით გაავრცელა.
"ალბათ სხვები ფიქრობენ, კი, შეიძლება მაიას ამხელა მხარდაჭერა რომ აქვს, შეიძლება როდისმე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში," — განაცხადა მაია კოხტაშვილმა "მთის ამბებთან" საუბრისას.
მაია კოხტაშვილის შვილი ანა იმედაშვილმა "ნეტგაზეტთან" საუბარში ამბობს, რომ მაია კოხტაშვილს პოლიტიკაში მოსვლა არც არასდროს უფიქრია.
ფაქტს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა: "გასაოცარი ამბავია: მაია კოხტაშვილს, ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა. ცხადია იმიტომ, რომ კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს "დანაშაული".
„ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, თუნდაც არანაირ კავშირში არ მყოფი პოლიტიკურ საქმიანობასთან, ფრთხილად რომ უნდა იყოს, ესეც ცხადია.
ახლა კონტექსტს შევხედოთ: არასამთავრობო ორგანიზაციას ოდესმე მაინც გაკარებულ ყველა ადამიანზე კანონით იგივე აკრძალვა შემოიღეს.
გავაგრძელოთ კონტექსტი: ყველა ოპოზიციურ პარტიას კრძალავენ, თავის დაკავშირებულ პირებიანად, რაც პრაქტიკულად ოჯახის წევრებს და მეგობრებსაც მოიცავს, რომ აღარაფერი ვთქვათ აქტივისტებზე, მხარდამჭერებზე, შემომწირველებზე.
კიდევ გავაგრძელოთ კონტექსტი: მთლად რამდენიმე დღის წინა შემოტანილი საკანონმდებლო ცვლილებებით ეფექტურად იკრძალება არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შინაარსობრივი გასაჩივრება და რჩება მხოლოდ ტექნიკური მხარე (იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმეს კალკულატორი გაუფუჭდა და ქვეშმიწერით დაჯამებაც არ იცის).
კიდევ გავაგრძელოთ კონტექსტი: და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ყველა კომისია მათია, ფული მარტო მათ აქვთ, ყველა ოპოზიციური ტელევიზია ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა (ფორმულა მთლად დაიწვა გუშინ), სუსი, ქუჩა და პოლიცია ერთიანად მუშაობს ოპოზიციის და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ, ქვეყანაში ათობით პოლიტპატიმარია და ვინ მოთვლის კიდევ რა.
და ახლა მთავარი შეკითხვა დავსვათ: ვინც იმას იძახით, რომ "ბიძინამ არჩევნები რომ დანიშნოს, კონსტიტუციური უმრავლესობით ისე მოიგებს, გაყალბება არ დასჭირდება", "ეს ოპოზიცია არაფრის მაქნისი არაა", "პროტესტი არაფრის მომტანი არაა", "პარლამენტის და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი ქოცებს აწყობდათ" და ასე შემდეგ. თქვენ იდიოტები ხართ თუ ბიძინა გგონიათ იდიოტი?“, - წერს ნიკა გვარამია.
მაია კოხტაშვილი ფსიქოტროპულ პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერის ბრალდებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 11 სექტემბერს დააკავა. ადვოკატები და ექიმის გარემოცვა თავიდანვე აცხადებდა, რომ მედიკოსს პროვოკაცია მოუწყვეს.
ექიმ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება რამდენიმე დღის წინ გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმების პირობით, მაია კოხტაშვილს დაეკისრა 50 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა.
რას ედავება გამოძიება მაია კოხტაშვილს:
- ფინანსური პოლიციის მტკიცებით, კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. ბრალდებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.