"ჩვენ ბოდიში არავისთან მოსახდელი არ გვაქვს" - ვოლსკი უკრაინასთან ურთიერთობაზე
"ჩვენ ბოდიში არავისთან მოსახდელი არ გვაქვს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა და საქართველო-უკრაინის ურთიერთობების განახლებასთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა.
გია ვოლსკის მტკიცებით, მათი მისწრაფებაა, რომ ყველასთან გამონახონ საერთო ენა.
მისივე თქმით, ჯერ უკრაინამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ელჩის ქვეყნიდან "გამოგდება არასწორი იყო" - "იქ ბომბები ცვიოდა მართლა და არ გამოსულა, იდგა ვაჟკაცურად და გამოაპანღურეს".
იცით, არ ვიცი ამასთან დაკავშირებით რაზე მიდის ლაპარაკი, ელჩის საკითხი შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ელემენტი. ჩვენი ელჩი იყო იქ ბომბები ცვიოდა მართლა და არ გამოსულა, იდგა ვაჟკაცურად და გამოაპანღურეს. იმას კი არავინ არ კითხულობს უკრაინამ აღიარა ის რომ ელჩის გამოგდება არასწორი იყო? - ჩვენ ბოდიში არავისთან მოსახდელი არ გვაქვს.
რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, უსაფრთხოებასთან, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ურთიერთგაგებასთან დაკავშირებით პოზიტიური თემების განვითარება ახასიათებდეს გუშინდელ ცუდ ურთიერთობებს, ეს მსოფლიო პოლიტიკაში არის ჩვეულებრივი ამბავი.
ჩვენი მისწრაფებაა რომ ყველასთან გამოვნახოთ საერთო ენა. რა საკითხებზე? - უამრავი საკითხია. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თემა მაგალითად.
ჩემი მეგობრები მირეკავენ უკრაინიდან მეუბნებიან, რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ანტი-ქართული პროპაგანდა მიმდინარეობს მთელი უკრაინის მედიაში და ვერავინ ვერცერთი მაგალითი მოიყვანა ვერსად, რომ სად, რაში ვუწყობთ ხელს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ერევანში შეხვედრიდან ორ დღეში, 6 მაისს, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანდრიი სიბიჰამ და მაკა ბოჭორიშვილმა ტელეფონით ისაუბრეს.
6 მაისის საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა ცნობა, სადაც საუბარი იყო, რომ სატელეფონო საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა.
უკრაინის საგარეო უწყება, თავის მხრივ, წერს, რომ სიბიჰამ კოლეგასთან საუბრისას განაცხადა, რომ მოხარულია მაკა ბოჭორიშვილთან დიალოგის გაგრძელებით.
აღსანიშნავია, რომ უკრაინასა და საქართველოს ამჟამად არ ჰყავთ ელჩები თბილისსა და კიევში - დიპლომატიური ურთიერთობები მათ შორის დროებითი რწმუნებულების დონეზეა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს 4 მაისს ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
კიევსა და თბილისს შორის წლების მანძილზე გართულებული ურთიერთობების ფონზე, ორი ლიდერის საუბრის დეტალები მედიის ინტერესის სფეროდ რჩება, თუმცა დეტალების შესახებ თბილისში დაბრუნებულმა ირაკლი კობახიძემ საუბარი არ ისურვა. კომუნიკაციის დეტალებზე არაფერს წერს თავად ვოლოდიმირ ზელენსკიც.