ირაკლი ნადირაძე: დრო მოვა, არ შემრცხვება, ჩვენს გმირებს - მაყაშვილს, ანწუხელიძეს თვალებში ჩავხედო... მე მართალი ვარ ჩემი შვილების და მომავლის წინაშე

07.05.26 14:38
ირაკლი ნადირაძე: დრო მოვა, არ შემრცხვება, ჩვენს გმირებს - მაყაშვილს, ანწუხელიძეს თვალებში ჩავხედო... მე მართალი ვარ ჩემი შვილების და მომავლის წინაშე

 

 

ერთს ვიტყვი, დრო მოვა არ შემრცხვება ჩვენს გმირებს - მაყაშვილს, ანწუხელიძეს თვალებში ჩავხედო. მე მართალი ვარ ჩემი შვილების და მომავლის წინაშე - 100 წლის შემდეგ ჭიქას რომ აწევენ არ გაუჩნდებათ კითხვა სად იყო მამაჩემი, ბაბუაჩემი - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ირაკლი ნადირაძემ დასკვნით სასამართლო პროცესზე განაცხადა.

საბოლოო სიტყვაში, ბრალდებულმა ოპოზიციონერმა თქვა, რომ თუ ვინმე აგებს პასუხს დაკავებულების ბრალზე, ეს ბიძინა ივანიშვილია. მისი თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ორგანიზებული ჯგუფები.

ნადირაძემ სასამართლოზე გაიხსენა, თუ როგორი მეთოდებით მოვიდა "ოცნება"  ხელისუფლებაში.

„ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა სწორი არჩევანი, საბედისწერო და ტრაგიკული იყო. მაგრამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მაშინ ყველას ეგონა, რომ ქვეყანა ევროპისკენ წავიდოდა და არა აშხაბადისკენ" - განაცხადა პოლიტიკოსმა. 

ბრალდებულმა ასევე გაისენა ივანიშვილის დაპირებებიც, რაც: საწვავის ფასის განახევრებას, დენისა და გაზის გაიაფებას, იაფ სესხებს, 100 ქარხანას, დიასპორისა და ემიგრანტების დაბრუნებას საქართველოში, განათლების სისტემის წინსვლას, უფასო ჯანდაცვას ეხებოდა და პარალელი გაავლო დღევანდელობასთან, სადაც მისი თქმით, "ოცნების" დაპირებებისგან რადიკალურად განსხვავებული რეალობაა.

მართლა გგონიათ, რომ ხალხი აქციაზე დგომისთვის ფულს იღებს?! ვინმეს მართლა გგონიათ, რომ ოჯახებთან ყოფნას, საყვარელი საქმის კეთებას, აქციებზე დგომა გვირჩევნია?
ბატონი პაატას [ბურჭულაძის] ერთი კონცერტის ჰონორარი შეიძლება აღემატებოდეს იმას, რაც ამ პროკურორებმა მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება აიღონ, მაგრამ ჩვენ ვარჩიეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლა.
ჩვენი თვითმიზანი არ არის აქციებზე დგომა. ეს არც ჩვენი ჰობია და არც გატაცება. დაკითხვისას პროკურორმა მკითხა, როგორ უნდა იცვლებოდეს ხელისუფლებაო. დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების გზით და ამისთვის გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები უნდა ტარდებოდეს ქვეყანაში. მაშინ აღარავის დასჭირდება ქუჩაში გამოსვლა და „მშვიდობიანი რევოლუციის“ ხსენება.
ბოლოს 2012 წლის ოქტომბერში მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება. როცა გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი და აღიარა დამარცხება, მიუხედავად იმისა, რომ უბინძურესი მეთოდებით მოვიდა „ოცნება“ ხელისუფლებაში.
დიდი ხნით ადრე აფრთხილებდა ამის შესახებ სააკაშვილი, მაგრამ მან დათმო ხელისუფლება, იმიტომ, რომ ნამდვილი ლიდერები იქცევიან ასე.
იყო „ქართული ოცნება“ სწორი არჩევანი? ხალხმა ამაზე პასუხი მალევე მიიღო, როცა პირველი კანონი, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვა იყო.
დიახ, „ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა სწორი არჩევანი, საბედისწერო და ტრაგიკული იყო. მაგრამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მაშინ ყველას ეგონა, რომ ქვეყანა ევროპისკენ წავიდოდა და არა აშხაბადისკენ. პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, რომ ახალ მთავრობას ჰქონოდა ყველა შესაძლებლობა, შეესრულებინა დაპირებები.

ანტიკურ დროში იყო პური და სანახაობა - ბიძინას ხელში გვაქვს სუპი და სანახაობა. არცერთ ბრალს არ ვაღიარებ. თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თუ ვინმე აგებს პასუხს ამ ბრალზე ეს იყო ივანიშვილი. თუ ვინმემ შექმნა ორგანიზებული ჯგუფები ეს იყო ივანიშვილი. რა დროც არ უნდა გავიდეს ყველას მოეკითხება. მე ერთს ვიტყვი, დრო მოვა არ შემრცხვება - ჩვენს გმირებს მარო მაყაშვილს, გიორგი ანწუხელიძეს, შინდისის გმირებს და ყველა ჩვენს გმირს თვალებში ჩავხედო. მე მართალი ვარ ჩემი შვილების და მომავალი თაობის წინაშე - 100 წლის შემდეგ ჭიქას, რომ აწევენ არ გაუჩნდებათ კითხვები- ქვეყანას რომ აქცევდნენ სად იყო ჩემი წინაპარაი, მამაჩემი სად იყო, ბაბუაჩემი სად იყო. ყველაფერს შეაფასებს ისტორია და ჩენი მომავალი თაობები. ეს არის ბრძლა სიმართლისთვის, ბრძოლა გვჭირდება თავისუფლებისთვის, ბრძოლას, რომელსაც საბოლოოდ ჩვენ მოვიგებთ. გაუმარჯოს საქართველოს, დიდება ჩვენს გმირებს, დიდება თავისუფლებას და ცეცხლი ოლიგარქიას", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ .“- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 4 პირის საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც სავარაუდოდ, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენს გამოაცხადებს. 

  • ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები