პროკურატურა მოსამართლის განცხადებაზე გამოძიებას არ დაიწყებს

07.05.26 16:13
პროკურატურა მოსამართლის განცხადებაზე გამოძიებას არ დაიწყებს

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას განცხადების შესწავლის შედეგად დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა - ამის შესახებ "ტვ პირველს " საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს. 

„აღნიშნული განცხადება იქნა შესწავლილი, არ იკვეთება არანაირი დანაშაულის ნიშნები და შესაბამისად გამოძიება არ დაწყებულა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას განცხადებით, მის მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს ეხებოდა, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და  საჭიროებენ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.

ვლადიმერ ხუჭუა პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვდა.

შეგახსენებთ: 

  • მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. ეს ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებს და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.

მსგავსი სიახლეები