მესამე წელია არკვევენ ვინ იძალადა ჩემზე, მე გავარკვიე - ეს არის ზაქრო ჩოხელი - ალეკო ელისაშვილი

07.05.26 19:29
მესამე წელია არკვევენ ვინ იძალადა ჩემზე, მე გავარკვიე - ეს არის ზაქრო ჩოხელი - ალეკო ელისაშვილი

მესამე წელი იწყება, რაც ვითხოვ იმ დამნაშავე პოლიციელების დასჯას, რომლებმაც კანცელარიასთან ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ჩემზე, გამოკითხულიც კი არ არის არავინ,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი, “ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “საგამოძიებო უწყებები ამ დამნაშავე პოლიციელების ვინაობას მესამე წელია "არკვევენ" და ვერ დაადგინეს.“

მისივე თქმით, მან თავად გაარკვია ვინ იყოერთ-ერთი მოძალადე და სახელს და გვარსაც ასაჯაროვებს.

პროკურატურა მოძალადე პოლიციელების დასასჯელად დაფაცურებულა. ცნობისთვის, უკვე მესამე წელი იწყება, რაც ვითხოვ იმ დამნაშავე პოლიციელების დასჯას, რომლებმაც კანცელარიასთან ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ჩემზე, რომლებმაც ნეკნი მომტეხეს. ამ საქმეზე არათუ ვინმე დასჯილა, გამოკითხულიც კი არ არის არავინ. საგამოძიებო უწყებები ამ დამნაშავე პოლიციელების ვინაობას მესამე წელია "არკვევენ" და ვერ დაადგინეს. რახან შსს-ს ეიჩარი თურმე ვერაფრით ვერ ცნობს საკუთარ თანამშრომლებს, მე თავად საკუთარი ძალებით გავარკვიე ერთ-ერთი მოძალადის სახელი და გვარი - ეს არის ზაქრო ჩოხელი, რის შესახებაც გამოძიებას საჯარო განცხადებით მივმართე კიდეც არაერთხელ.

დაკავებით რომ ჯერ არ დაუკავებიათ, ფაქტია, ეიჩარის სამსახური როგორც ჩანს, ისევ ვერ ცნობს თანამშრომლებს. საინტერესოა, ძალადობასთან შეუპავრად მებრძოლი პროკურატურა გამოკითხვაზე მაინც თუ დაიბარებს ბატონ ზაქროს, - წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე ისაუბრა დღეს კოალიცია "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრმა, ქეთი თურაზაშვილმა.

როგორც თურაზაშვილმა აღნიშნა, ელისაშვილი უკვე მეორე წელია, მასზე თავდამსხმელის ვინაობას ასახელებს, თუმცა სამართალდამცავი უწყებებიდან რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

„ელისაშვილზე თავდასხმის ფაქტი 2024 წლის 17 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან მოხდა, ექსკლუზიური კადრები მაშინ „ტვ პირველმა“ გაავრცელა. პოლიტიკოსი მეორე წელია ასახელებს მასზე თავდამსხმელს, თუმცა ამ დრომდე რეაგირება სამართალდამცავი უწყებებიდან არ ყოფილა.

ყველა სასამართლო პროცესზე, რომელიც ელისაშვილის წინააღმდეგ იმართება, პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი, აქტივისტი და მწერალი პროკურატურას ახსენებს მასზე ანგარიშსწორებას, მოძალადე პოლიციელს და საქმის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას უშედეგოდ ითხოვს. დაკავებამდეც პოლიტიკოსს არაერთი საჯარო გამოსვლა და მოწოდება ჰქონდა საგამოძიებო სამსახურებთან მოთხოვნით, რომ ზაქარია ჩოხელი დაეკავებინათ, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცავი უწყებები ამ საკითხზე დუმილს ინარჩუნებენ და პოლიტიკოსის მიმართ ანგარიშსწორებას ამჯერად გამოგონილი „ტერორიზმის" ბრალდებით განაგრძობენ.

ვითხოვთ დაისაჯოს ალექსანდრე ელისაშვილზე თავდამსხმელი, მოძალადე პოლიციელი ზაქარია ჩოხელი“, - განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.

მსგავსი სიახლეები