სონატა კოლტერთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა - რაზე ისაუბრეს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, სონატა კოლტერთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, აუდიენციის მთავარი თემები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები და რეგიონში აშშ-ის როლის მნიშვნელობა იყო. მათი თქმით, ვაშინგტონის უფრო აქტიური ჩართულობა საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურ და უსაფრთხოების როლს დაეთმო.
ჩვენ ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, ამიტომ აშშ-ს ღრმა ჩართულობა რეგიონში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ მცდელობებს, რომელსაც ვხედავთ აშშ-ს მხრიდან, რომ იყოს უფრო მეტად ჩართული, მათ შორის, უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პროექტებში, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს, საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას სრულად მხარს ვუჭერთ, იმიტომ, რომ აშშ-ს ჩართულობა უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებში საქართველოში, მათ შორის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმართულებით არის საქართველოსთვის უსაფრთხოების თემა, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკულ მხარეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისისა და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკის შესახებაც ესაუბრნენ.
საუბარი იყო ყველაფერზე. ცხადია, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რა სიტუაციაც არის ქვეყანაში. როგორც წესი,ა სეთ შეხვედრებზე ადამიანები როცა მოდიან ხოლმე, ისინი მოდიან მომზადებულები და რომ გითხრათ, რომ რამე ისეთი განსაკუთრებული სიახლე ვუთხარით, რომ გაგონილი არ ჰქონდათ - არა. ცხადია, მომზადებულები იყვნენ. საუბარი მათ შორის იყო იმაზე, რომ რა დაპირებებსაც არ უნდა იძლეოდეს "ოცნება", რომ ახლა ამ ვიზიტზე არა და ორ კვირაში რაღაც ახალი ვიზიტი იქნება და მერე დავლაგდებით, ეს ყველაფერი არის ტყუილები და არის სისულელე და ამის პარალელურად მიმდინარეობს ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდა, რომელიც მოდის კონკრეტულად "ქართული ოცნებისგან". იყო საუბარი იმაზეც, რომ ნამდვილი, ჭეშმარიტი და კარგი და გულწრფელი, მეგობრული ურთიერთობები ამერიკა-საქართველოს შორის იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს რეჟიმი სეიცვლება, - თქვა ზურა გირჩი ჯაფარიძემ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ სტაბილურობის მთავარი საფუძველი კანონის უზენაესობა და საზოგადოების ინტერესებთან შესაბამისობაში მყოფი ხელისუფლებაა.
ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებ ძალიან კარგად, იდეალურად ესმით, რომ ქვეყანაში სტაბილურობისთვის აუცილებელია ორი რამ: პირველი, ის, რომ ნებისმიერი ხელისუფალის ქცევა უნდა გამომდინარეობდეს და შეესაბამებოდეს ქცევას იმ ხალხის მისწრაფებებს და მეორე, რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობა. კანონის უზენაესობის გარეშე არცერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, შეუძლებელია ვისაუბროთ სტაბილურობაზე, - ამბობს ანა ბუჩუკური.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა „თბილისი მერიოტში“ გაიმართა. აუდიენციას „ლელო - ძლიერი საქართველოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ოპოზიციური ალიანსის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოპოზიციასთან შეხვედრამდე სონატა კოლტერი ირაკლი კობახიძესაც შეხვდა.