მდინარაძე ამბობს, რომ აქციაზე ძალოვნების მხრიდან დანაშაული სისტემური არ იყო - "მაშინ არ იქნებოდა მხოლოდ 1 დაზარალებული ჟურნალისტი"
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ აქციაზე ძალოვნების მხრიდან ჩადენილი დანაშაულები სისტემური ხასიათის არ იყო.
სახელწმიფო მინისტრი დღეს ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ძალადობრი აქციებს მხოლოდ ერთი დაზარალებული ჟურნალისტი ჰყავდა არა ბევრი.
მდინარაძემ ასევე მთავრობის ადმინსიტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებული ძალოვნები, რომლებსაც ლევან ხაბეიშვილზე, ზვიად მაისაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმა ედებათ ბრალად, საკუთარი ინიციატივით მოქმედებდნენ და რომ ამთთვის დავალება არავის მიუცია.
სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს, არცერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის საიმისოდ და იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა სპეცრაზმელებს დავალებებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ. აქედან გამომდინარე, ირიბი მტკიცებულებების არქონის შემთხვევაშიც კი, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ე.წ. დამკვეთებზე გავიდეს. ეს არის მხოლოდ პიარ კამპანიის ნაწილი მათი მხრიდან, ვისაც დარწმუნებული ვარ, არ ესიამოვნა სახელმწიფოს სწორი მიდგომა. დამკვეთი რომ იყოს ამ საქმეში და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, ალბათ, ყველას დაგვეჯერება, რომ ჩვენ ამის გამო თავს არ შევიკავებდით, ჩვენ ამის პრაქტიკა გვაქვს, მათ შორის ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების დაკავების, სადაც დანაშაულის ნიშნები იყო. ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ვინმეს ვერიდებით, როცა დანაშაული არის სახეზე. აქედან გამომდინარე, თუ იქნება ერთი მტკიცებულება, იმ ერთ მტკიცებულებას გაჰყვებიან სამართალდამცველები, მაგრამ თუ ასეთი არ იქნება, ბუნებრივია, პიარ-კამპანიის ფონზე და საფუძველზე, ამას ვერავინ გააკეთებს. როგორც ჩანს, მტკიცებულებებიც ამაზე მიუთითებენ, რომ ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები. მაგალითად, ამას სისტემური ხასიათი რომ ჰქონოდა, არ იქნებოდა პირობითად ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, ბევრი იქნებოდა და ა.შ. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავი უწყებები მიჰყვებიან რეალობას და არა პიარ კამპანიას“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგეხსენებთ, რომ 7 მაისს, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს - განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.
ირკვევა, რომ 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.