სასახლის ღობის საქმე - მდინარაძე ამტკიცებს, რომ სასამართლომ განაჩენი "უტყუარობის მაღალი პრინციპით გამოიტანა"

08.05.26 15:53
სასახლის ღობის საქმე - მდინარაძე ამტკიცებს, რომ სასამართლომ განაჩენი "უტყუარობის მაღალი პრინციპით გამოიტანა"

 

 

მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ სასახლის ღობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი "უტყუარობის მაღალი პრინციპით გამოიტანა" და დადასტურდა, რომ ამ ადამიანებმა კონკრეტული დანაშაული ჩაიდინეს.

მისი თქმით, ეს ადამიანები პირდაპირ ეთერში ჩადიოდნენ დანაშაულს და იყო ბევრი დეტალი, რომელიც არათუ დანაშაულზე, არამედ დანაშაულთან ერთად ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებზეც მიუთითებდა.

ეს ადამიანები ჩადიოდნენ პირდაპირ ეთერში დანაშაულს. კულისებში რა იყო ამაზე გაცილებით მეტი ინფორმაცია გვაქვს. იქ იყო ბევრი დეტალი, რომელიც არათუ დანაშაულზე, არამედ დანაშაულთან ერთად ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებზეც მიუთითებდა. დანაშაულს რა შეიძლება გამოეწვია ამ ქვეყანაში და რამდენად სერიოზული დარტყმა შეეძლო მიეღო ქვეყანას, მათი გეგმები და ზრახვები წარმატებული რომ ყოფილიყო.

არის ხოლმე რაღაც ოპერატიული ინფრომაციები, რომლებიც შემდეგ მტკიცებულებებში არ აისახება ხოლმე, ეს შეუძლებელია. ერთია ოპერატიული მხარე, მეორეა მტკიცებულებითი მხარე. მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი პირდაპირ ეთერში და ამ მტკიცებულებების საფუძველზე სასჯელს იხდიან უკვე. სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, - განაცხადა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ ხუთი პირი: ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, ლაშა ბერიძეს - 7 წლით, მურთაზ ზოდელავას - 7 წლით, პაატა ბურჭულაძეს - 7 წლით, ირაკლი ნადირაძეს - 7 წლით, პაატა მანჯგალაძეს - 7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს - 5 წლით, გური ჟვანიას - 5 წლით, ნიკა გვენცაძეს - 5 წლით, ირაკლი ჩხვირკიას - 5 წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.