"ოცნება" კორუფციის რისკის გამო გაუქმებულ კანონს 8 წლის შემდეგ უკან აბრუნებს - მაღალჩინოსნები ფულადი ჯილდოების მიღებას ისევ შეძლებენ

13.05.26 19:02
"ოცნება" კორუფციის რისკის გამო გაუქმებულ კანონს 8 წლის შემდეგ უკან აბრუნებს - მაღალჩინოსნები ფულადი ჯილდოების მიღებას ისევ შეძლებენ

8 წლის შემდეგ "ქართული ოცნება" ძველ წესებს უკან აბრუნებს  - კანონპროექტი პარლამენტშია.  მთავრობას ახალი გეგმა აქვს - მინისტრის მოადგილეები, მერების და რწმუნებულების მოადგილეები პრემია-დანამატებს მიიღებენ. 2018 წელს კანონი მომატებული კორუფციის რისკის გამო შეცვალეს. ახლა კი იგივე წრეზე მივდივართ.

ჩინოვნიკებისთვის პრემია დანამატების დაბრუნების შესახებ, პარლამენტი მსჯელობას ხვალიდან იწყებს.

"ოცნების" წევრების დიდმა ნაწილმა ჯერ არაფერი იცის კანონზე, რომლის შეცვლასაც მათი ხმები სჭირდება. გეგმის მიხედვით, ივნისის ბოლომდე კანონპროექტი უნდა დაამტკიცონ. ივანიშვილის გუნდის წევრებს ვკითხეთ, რა საჭიროა პრემია-დანამატების დაბრუნება და რატომ არ ჰყოფნით ჩინოვნიკებს უკვე გაზრდილი ხელფასი?! 2026 წლის მდგომარეობით, მინისტრის მოადგილის ხელფასი 139 200 ლარია წლიურად. კანონის დამტკიცების შემდეგ, მიიღებენ დანამატსაც.

მთავრობის არგუმენტი საჯარო მოხელეების გათანაბრებაა. განმარტებით ბარათში წერია, რომ დანამატი და ჯილდო ზემდგომი პირების ანუ მინისტრების და მერების გადაწყვეტილებით გაიცემა. რა მიზანი აქვს ძველი წესების დაბრუნებას? - მკვლევარები ფიქრობენ, რომ თანასწორობის ნაცვლად შედეგად მეტ კორუფციას მივიღებთ.  

დოკუმენტში რომელიც კობაიძის ადმინისტრაციაში დაიწერა, ვკითხულობთ, რომ ფულადი დანამატები და ფულადი ჯილდო ჩინოვნიკების წახალისების შესაძლებლობაა.  

ეკონომისტების შეფასებით, რეალურად საქმე პოლიტიკურ მოსყიდვასთან გვაქვს - ქართული ოცნება ცდილობს, საჯარო მოხელეების და ჩინოვნიკების პოლიტიკური ლოიალობა იყიდოს.

ბიუჯეტს საჯარო სექტორში დასაქმებული შტატგარეშეები და პრემია-დანამატები ისედაც ძვირი უჯდებოდა. 2025 წელს 684 მლნ გადავუხადეთ შტატგარეშე დასაქმებულებს. მხოლოდ პრემია-დანამატების ხარჯი კი 2024 წლის მონაცემებით, 527 მლნ იყო. 

მთავრობა პრემია-დანამატებს აბრუნებს - ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები