რა თქვა კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე

11.11.26 23:29
რა თქვა კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე

საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროპაში მიმდინარე პროცესები შეშფოთების საფუძველია - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

კობახიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია, ევროპამაც შეინარჩუნოს საკუთარი ტრადიციული ღირებულებები - "ამ თვალსაზრისით, გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებსაც ვხედავთ". 

ჩვენთვის ეს პროცესები შეშფოთების საფუძველია. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია აღნიშნულ საკითხზე უფრო სიღრმისეულადაც ვისაუბროთ. ამრიგად, პირველი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ევროპულ ერად მივიჩნევთ, არის ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები და კულტურა - საქართველოს ევროპული კულტურული იდენტობა,"- აღნიშნა კობახიძემ. 

"ოცნების" ლიდერის განცხადებით, საქართველო ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული რჩება.

"ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად" - განაცხადა კობახიძემ. 

„მსურს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტს მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, ვისაუბრო საქართველოს როლზე ევროპულ არქიტექტურაში. ეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა. თუმცა, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ევროპისთვისაც, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპულ არქიტექტურაში.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკუთარ თავს ევროპულ ერად მივიჩნევთ. ეს ღირებულებებს ეფუძნება და ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციებსა და კულტურაში. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. სწორედ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად. ჩვენ ერთგული ვრჩებით ტრადიციული ევროპული ღირებულებებისა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველო გეოგრაფიულად გარკვეულწილად მოწყვეტილი იყო ევროპას. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, საქართველომ გააძლიერა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ევროპასთან და ევროკავშირთან", - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა საქართველოსა და ევროპას შორის არსებული კავშირების სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ არის მოწოდებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.

“კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული სპეციფიკური გამოწვევების წინაშე ვდგავართ. 2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა 2022 წლის ივნისში ჩვენს განაცხადზე უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოგვიანებით, საქართველომ მაინც მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ამის შემდეგ ევროკომისიამ უარით უპასუხა ჩვენს სურვილს, დაწყებულიყო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. მოგვიანებით, ევროკომისიამ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილებაც კი მიიღო. ეს 2024 წლის ივნისში მოხდა. დღეს ჩვენი ურთიერთობების მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, საკმარისად პოზიტიური არ არის. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ორ მხარეს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის არსებობა“, - განაცხადა კობახიძემ. 

"ოცნების" ლიდერმა ასევე თქვა, რომ საქართველო შავ ზღვასთან, დასავლურ სამყაროსა და ევროპასთან აკავშირებს შვიდ ქვეყანას, რომლებსაც ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი არ აქვთ.

„საკითხი, რომელზეც მსურს ყურადღება გავამახვილო, საქართველოს სტრატეგიული როლია, განსაკუთრებით დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ამ მიმართულებითაც ვხედავთ ევროპისთვის არასასურველ ტენდენციებს, რომლებიც უარყოფითად აისახება მის ეკონომიკაზე. ევროპამ დაკარგა აღმოსავლეთის მიმართულებით არსებული გარკვეული სატრანსპორტო და ეკონომიკური მარშრუტები. ამასთან, ევროპისა და აზიის დაკავშირებადობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპის ეკონომიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპამ, კერძოდ, ევროკავშირმა, დაკარგა კავშირი რუსეთის ბაზართან, რომელსაც ევროპის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. ევროპამ ასევე დაკარგა წვდომა იაფ ბუნებრივ რესურსებზე. ამასთან, ვხედავთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი კვლავ გრძელდება და ისიც უარყოფითად მოქმედებს ევროპის აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობაზე. ამ ვითარებაში საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ძლიერი კავშირების შენარჩუნება.

საქართველო შავ ზღვასთან და, შესაბამისად, დასავლურ სამყაროსა და ევროპასთან აკავშირებს შვიდ ქვეყანას, რომლებსაც ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი არ აქვთ. ესენია სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა, რომლებსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნიათ, და ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფო. თუ უფრო შორს გავიხედავთ, ამ მარშრუტის საშუალებით ევროპას შეუძლია დაუკავშირდეს ჩინეთსა და სხვა ქვეყნებსაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"რადიო თავისუფლების" თანახმად, მთავრობის მეთაურმა ირლანდიაში, „გლობალური ომის პარტიაზეც“ ისაუბრა, თუმცა კვლავ არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობს საქართველოს მმართველი პარტია ამ ჯგუფში.

მან ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, ასევე, რუსეთის შეჭრა უკრაინაში 2014 და 2022 წლებში „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებში იყო.

„გლობალური ომის პარტია - ეს არის სახელდება, რომელსაც ჩვენ საკმაოდ ხშირად ვიყენებთ, თუმცა არასოდეს ვაზუსტებთ, კონკრეტულად ვის ვგულისხმობთ მასში“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა: „თუმცა ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ ადამიანებს ამ ტერმინში“.

შემდეგ კვლავ დააზუსტა: „ჩვენ არასდროს ვაკონკრეტებთ, თუ რას ვგულისხმობთ ზუსტად ამაში - ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, რადგან ამ ადამიანებზე ღიად საუბარი საკმაოდ სახიფათოა“.

მსგავსი სიახლეები