"კობახიძე ირიდებს პასუხისმგებლობას კალაძის საქმიანობაზე" - "ოცნებამ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

14.05.26 15:36
"კობახიძე ირიდებს პასუხისმგებლობას კალაძის საქმიანობაზე" - "ოცნებამ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

"ირაკლი კობახიძე ირიდებს პასუხისმგებლობას კახი კალაძის საქმიანობაზე" - ასე გამოეხმაურა პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, სოფო ხორგუანი "ქართული ოცნების" ინიციატივას, რომლის მიხედვით, თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისთვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოების და შეთანხმების წესს, მთავრობის ნაცვლად, თბილისის საკრებულო დაადგენს.

სოფო ხორგუანმა პარლამენტში აღნიშნა, რომ მას ესმის ირაკლი კობახიძის, რადგან "რთულია აიღო პასუხისმგებლობა დედაქალაქის მერზე, რომელიც თავად აცხადებს, რომ ის არის პასუხისმგებელი მხოლოდ საკუთარ თავზე".

განმარტებით ბარათზე თქვენ მთავარი აქცენტი გაქვთ იმაზე, რომ ოპერატიული განხორციელება სამუშაოების არის უდიდესი საჯარო და კერძო ინტერესი. მე გეტყვით სხვა რამეს, რომ არა ოპერატიული, არამედ ხარისხიანი განხორციელება არის ყევლაზე მთავარი. 

ნოდარ დუმბაძეს ჰქონდა ესეთი ძალიან ცნობილი ფელეტონი - ვაშენებთ სწრაფად, იაფად და..., ხარისხიანად წვიმას ჩამოერეცხა. დღეს რომ წერდეს ნოდარ დუმბაძე ამ ფელეტონს, დაწერდა - ვაშენებთ სწრაფად, ძვირად და რა თქმა უნდა, ის სამი წერტილი დარჩებოდა იმიტომ, რომ ხარისხიანად ჩვენ არაფერს არ ვაშენებთ აქ. 

პრაქტიკულად ვხედავთ იმას, რომ ირაკლი კობახიძე ირიდებს პასუხისმგებლობას კახი კალაძის საქმიანობაზე. ვაღიარებ, რომ მესმის იმიტომ, რომ შეუძლებელია და რთულია აიღო პასუხისმგებლობა დედაქალაქის მერზე, რომელიც თავად აცხადებს, რომ ის არის პასუხისმგებელი მხოლოდ საკუთარ თავზე. 

თურმე ეს პირდაპირ, სასწრაფოდ, გვეჩქარება... არ შეყოვნდეს ჩვენი კარის "დელეცი" იმიტომ, რომ "დელეცი" ჰქვია იმ ადამიანს, რომელიც ფიქრობს კანონს როგორ აარიდოს თავი. რატომ არ იჩქარეთ და არ ჩქარობთ, რომ ნახევარი თბილისის, ძველი თბილისის ეს უბნები ჩამონგრეულია, აქამდე რატომ არ გიჩქარიათ," - განაცხადა სოფო ხორგუანმა. 

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის სიტყვას "ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი გაბუნია გამოეხმაურა და თქვა, რომ ბრალდება თიტქოს ირაკლი კობახიძე პასუხისმგებლობას ირიდებს მცდარია. 

რა გაჩხუბებთ ქალბატონო კოლეგა, ესე რამ გაგაბრაზათ. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს სტიმულირებას და იმ ეფექტური მექანიზმის შემოტანას, კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც იქნება დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციასთან. ის ბრალდებები, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრს უნდა პასუხისმგებლობების თავიდან არიდება, რა პასუხისმგებლობების თავიდან არიდებაზეა საუბარი, ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთ მუშტად შეკრული გუნდი," - თქვა "ოცნების" წვერმა გიორგი გაბუნიამ. 

"ქართულმა ოცნებამ" მეორე მოსმენით მიიღო კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც თბილისში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე მერიის მიერ წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს, საქართველოს მთავრობის ნაცვლად, დედაქალაქის საკრებულო დაადგენს.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ თბილისის იმ ნაწილებში, სადაც ისტორიული ძეგლებია, ხშირად ხვდებიან სხვადასხვა სარდაფებს, არტეფაქტებს, რომელთა აღმოჩენაც აფერხებს მერიის მიერ წარმოებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და იწვევს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს.

კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, ახალი რეგულაცია გადაწყვეტილების მიღებას გაამარტივებს და დროს დაზოგავს. 

ცნობისთვის, თბილისში სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემის წესს აქამდე ისედაც თბილისის საკრებულო განსაზღვრავდა, თუმცა არსებობდა გამონაკლისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შემთხვევაში - ეს კონკრეტული მთავრობის ხელში იყო.