რას ითხოვს "ოცნება" თავისუფლების სანაცვლოდ სინდისის და პოლიტიკური პატიმრებისგან - კობახიძის კომენტარი

15.05.26 12:40
რას ითხოვს "ოცნება" თავისუფლების სანაცვლოდ სინდისის და პოლიტიკური პატიმრებისგან - კობახიძის კომენტარი

 

 

“ოცნება“ შეწყალების სანაცვლოდ სინდისის და პოლიტიკური პატიმრებისგან კვლავ მონანიებას და აღიარებას ითხოვს - ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების შესაძლო შეწყალების საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც არაერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ ახალი პატრიარქი შიო მესამე ამ თემას ხელისუფლებასთან კვლავ დააყენებს. სასულიერო პირები პატიმრების შეწყალების ინიციატივას მხარს უჭერენ, ხოლო ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შეწყალება მხოლოდ "სინანულისა და მონანიების“ შემთხვევაშია შესაძლებელი.

ივანიშვილის გუნდის ლიდერი დღეს კამერების წინ იმასაც ირწმუნებოდა, რომ "ოცნების" პოზიცია თუნდაც სინანულთან მიმართებაში თავსებადია ეკლესიის პოზიციასთან.  

მე ვფიქრობ რომ ეს ჩვენი მიდგომა მათ შორის სინანულთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს თავსებადი იმ მიდგომასთან რომელიც უნდა ჰქონდეს ეკლესიას. ჩვენ ასე ვფიქრობთ, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი.  სინანული რატომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ვინმეს ბოდიში კი არ გვჭირდება. სინანული, მნიშვნელოვანია პრევენციისთვის, როდესაც ადამიანი ჩვენ და სხვებსაც დაანახებს, რომ ისინი ჩადენილ დანაშაულს ნანობენ, ამას პრევენციული ეფექტი ექნება. ჩვენი ამოცანაა, რომ აღარავის გაუჩნდეს ცდუნება, რომ ძალადობრივად სცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა, ამისთვის არის მნიშვნელოვანი სასჯელი. სინანული კი არის ის, რაც პრევენციულ ეფექტს ხელს შეუწყობს", - განაცხადა კობახიძემ. 

მაშინ როცა პრემიერი სინანულსა და მონანიებაზე საუბრობდა, "პირველების" ჟურნალისტმა ქვეყნის მეთაურს დაუსახელა კონკრეტული შემთხვევა, ერთ-ერთი პატიმრის, რომელიც აღიარებს, ინანიებს და განაჩენის გამოცხადების დღიდან ყოველთვიურად მიმართავს მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით - საუბარია 3 წლის შვილის მამაზე, 22 წლის დანიელ მუმლაძეზე, რომელიც 2024 წელს აქციების ფარგლებში დაააკავეს.

კობახიძემ თქვა, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე კომენტარს ვერ გააკეთებს. მისივე მტკიცებით, ვინ გამოვა ციხიდან და ვინ დარჩება პატიმრობაში ამას პირადად მიხეილ ყაველაშვილი გადაწყვეტს.

კონკრეტულ შემთხვევებზე ჩვენ ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. სასამართლო მომქედებს მკაცრად სამართლებრივი სტანდრტებით, მაგრამ თუ საქმე შეეხება შეწყალებას, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, გადაწყვეტილება არი პოლიტიკური და შეიძლება სხვადასხვა ფაქტორი მიიღოს მხედველობაში საქართველოს პრეზიდენტმა. ეს არის ძალიან მარტივი დამოკიდებულება. სასამართლო ვერ იხელმძღვანელებს პოლიტიკური მიზანშეწონილობით, თუმცა ამის საშუალება აქვს პრეზიდენტს. მთავარი არის მონანიება, სინანული და დანაშაულის აღიარება", - განაცხადა კობახიძემ. 

"პირველების" ჟურნალისტმა კობახიძეს ასევე ჰკითხა, რა პირობით გაატავისუფლებენ - მაგალითად პაატა ბურჭულაძეს და რას ითხოვენ მსოფლიო ბანისგან, რაზეც კობახიძის პასუხი ასეთი იყო:  

მე ვერ გეტყვით სათითაოდ და ვერც პრეზიდენტის სახელით ვისაუბრებ. თუმცა ჩენს დამოკიდებულებას გეტყვით, ვიდრე არ დავინახავთ სინანულს, აღიარებას, მანამდე ჩვენი მხრიდან ვერ იქნება გამოვლენილი განსხვავებული დამოკიდებულება", - განაცხადა კობახიძემ.