შემაშფოთებელია, როდესაც საქართველოს 3 ტელევიზიის ჟურნალისტებს უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლაზე - ბოჭორიშვილის სიტყვა კიშინიოვში
შემაშფოთებელია, როდესაც საქართველოს 3 ტელევიზიის ჟურნალისტებს უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლაზე - ამ სიტყვებით მიმართა მოლდოვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილმა საერთაშორისო ტრიბუნიდან თქვა, რომ კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია, თუმცა "როდესაც პოლიტიკური მიზნები ფაქტებზე მაღლა დგება, ეს უკვე არა დემოკრატიის გაძლიერებას, არამედ ნდობის რღვევას ემსახურება".
გამოსვლის დასაწყისში, მსურს, მტკიცე სოლიდარობა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ რუსეთის განგრძობადი აგრესიით გამოწვეული ტანჯვისა და მსხვერპლის ფონზე. დღეს ევროპის წინაშე მრავალი გამოწვევა დგას, თუმცა ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა. არანაკლებ საშიშია სიმართლის რელატივიზაცია, ორმაგი სტანდარტები, პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ღირებულებების გადაფასება და დემოკრატიის სახელით თავად დემოკრატიული პრინციპების დასუსტება.
დღეს ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე.
შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება. ბოლო წლებში ჩემი ქვეყნის კრიტიკა ზოგიერთისთვის ყველაზე მიმზიდველ საქმიანობად იქცა.
კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია – მაგრამ მაშინ, როდესაც პოლიტიკური მიზნები ფაქტებზე მაღლა დგება, ეს უკვე არა დემოკრატიის გაძლიერებას, არამედ ნდობის რღვევას ემსახურება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.