თვალთმაქცობაა დემოკრატიის უკუსვლაზე წუხილი და იმავდროულად რადიკალური ძალების წახალისება - რა თქვა ბოჭორიშვილმა კიშინიოვში
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე მოლდოვაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ევროპელი პარტნიორების მიმართ მწვავე და კრიტიკული გზავნილები გააჟღერა. მინისტრმა დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილის მიდგომებს „თვალთმაქცობა“ უწოდა და განაცხადა, რომ დემოკრატიაზე საუბარი, ქართველი ხალხის მხარდაჭერის დეკლარირება და პარალელურად საქართველოს ხელისუფლებასთან დისტანცირება ურთიერთგამომრიცხავ პოლიტიკურ გზავნილებს ქმნის.
თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ; „ქართველი ხალხის მხარდაჭერის“ მტკიცება და იმავდროულად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება; კანონის უზენაესობაზე საუბარი და ამავე დროს სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის კრიტიკა რუსეთთან წინააღმდეგობის ხარისხის გამო და „პრორუსულის“ იარლიყის მარტივად მიწებება — ეს უკვე არა პოლიტიკური შეფასება, არამედ რეალობის გამარტივება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევაა.
პრინციპების დაცვას და პატივისცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის — ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და რომლის ასიათასობით მოქალაქეს საკუთარ სახლში დაბრუნების უფლება დღემდე წართმეული აქვს.
ოკუპაცია, ეფექტიანი კონტროლი და რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების მიერ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ. ამის დასტურია 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.