აშშ-მა ირაკლი შაიშმელაშვილი პოლიტდევნილად აღიარა - რა განცხადებები კეთდება "ოცნებაში"
„ვინ არის ირაკლი შაიშმელაშვილი?“ — ეს კითხვა ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებთან დასვა, თუმცა რამდენიმე წუთში თავადვე გააკეთა განცხადებები, რომლებმაც ივანიშვილის ხელისუფლების ოპონენტებს დამატებითი კითხვები გაუჩინა. კრიტიკოსების შეფასებით, "ოცნების" ლიდერის პასუხები ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა და მისივე განცხადებებმა ახალი პოლიტიკური პოლემიკა გამოიწვია.
ოპონენტები ამბობენ, რომ კობახიძის მცდელობა, გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის როლი დაეკნინებინა, შემთხვევითი არ ყოფილა. საუბარია ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსზე, ირაკლი შაიშმელაშვილზე, რომელიც სისტემიდან ერთ-ერთია, ვინც საჯაროდ ისაუბრა ხელისუფლების წინააღმდეგ და, მისი განცხადებით, უსაფრთხოების რისკების გამო ქვეყნის დატოვება მოუხდა. მოგვიანებით მას შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარიც მიანიჭა.
ის, რასაც ირაკლი კობახიძე „ტექნიკურ საკითხს“ უწოდებს, ივანიშვილის გუნდში ერთგვარად განსხვავებულად ფასდება. "ოცნების" წარმომადგენლების განცხადებები აჩვენებს, რომ საკითხზე ერთიანი პოზიცია ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. პარალელურად, ფონად რჩება კიდევ ერთი გარემოება — მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგებაზე საუბრობს, აშშ ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლის საქმეში პოლიტიკური დევნის ნიშნებს ხედავს და მას თავშესაფარს აძლევს.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა მტკიცებულებები წარადგინა ირაკლი შაიშმელაშვილმა ამერიკულ მხარესთან, თუმცა „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი ეკა ბესელია აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში საქმის შესახებ დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი. თავად ბესელია კი ირაკლი კობახიძის განცხადებებსა და ტონს აკრიტიკებს.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.