"ოცნების" წევრის მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნისთვის მხარდაჭერა ქვეყნისთვის საფრთხის მომტანი იქნებოდა
ივანიშვილის პარტიაში ამტკიცებენ, რომ თუ ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას მხარს დაუჭერდა, ეს ქვეყნისთვის საფრთხის მომტანი იქნებოდა.
სადაც რისკი არსებობს საფრთხის, ჩვენ ვართ მოწოდებით სიმაღლეზე და ვღებულობთ იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ვღებულობთ - უთხრა დღეს მედიამ ირაკლი ჭეიშვილმა.
ის, რომ კონკრეტულ საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს მსგავსი რეზოლუციები და მსგავსი სანქციები... ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობ. მეტი რა ვთქვათ, რა თქმა უნდა არის რისკი უსაფრთხოების. მასე ვსაუბრობით 2-3 წლის წინ, რატომ არ ვუერთდებოდით ჩვენ სანქციებს, როგორ ვხსნიდით? - იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ-თქო და მემგონი ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ეს შეიძლება ასე მომხდარიყო. იგივენაირად გპასუხობთ ახლაც, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, სადაც რისკი არსებობს ამის, ჩვენ ვართ მოწოდებით სიმაღლეზე და ვღებულობთ იმ გადაწყვეტილებებს, რა გადაწყვეტილებებსაც ვღებულობთ", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.
საქართველო არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებზე გამოძიების მიზნით, სპეციალური ტრიბუნალს შექმნის შესახებ შეთანხმებას ხმა არ მისცა.
მოლდოვაში, ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე, სადაც 46 წევრი ქვეყანა მონაწილეობდა, 36 ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოხატეს მზადყოფნა, შეუერთდნენ ახალ გაფართოებულ შეთანხმებას, საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა, თურქეთმა, სერბეთმა, ალბანეთმა, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, სლოვაკეთმა და მალტამ კი ამ შეთანხმებას ხმა არ მისცა.