როგორ განიმარტება სიძულვლის ენა - რა კითხვებს არ უპასუხა კობახიძემ
ირაკლი კობახიძე მიესალმება შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნას, რომელიც საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს განახორციელებს.
"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის ინიციატივა "აუცილებელია იმისთვის, რომ გარედან სიძულვილი თავს არავინ მოახვიონ"
როგორც კობახიძე ამბობს, დიდ ყურადღებას მიაქცევენ ამ სამმართველოს შესაბამისი დანაყოფის ეფექტიან მუშაობას.
ვხედავდით, რა იყო უცხოური ჩარევის, მათ შორის NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი, ეს იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, ჩვენ საზოგადოებაში, სიძულვილის გაღვივება ინსტიტუტების მიმართ. აქ საუბარია არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, აქ საუბარია, მაგალითად, მართლმადიდებელ ეკლესიაზე, სხვა ინსტიტუტებზე, ეს იყო მკაფიოდ გამოკვეთილი ხაზი, რომელსაც მიჰყვებოდა უცხოური ჩარევა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის NGO-ების უცხოური დაფინანსება. პირდაპირ, მიზანმიმართულად აფინანსებდნენ NGO-ების გავლით საქართველოში სიძულვილის ენის დამკვიდრებას, სიძულვილის გაღვივებას. ამას უნდა დავუპირისპიროთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი მექანიზმები და რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელიც გუშინ გაახმოვანა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. ბუნებრივია, ჩვენ დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ სამმართველოს შესაბამისი დანაყოფის ეფექტიან მუშაობას. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ არავინ მოგვახვიოს თავს გარედან სიძულვილი.
ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა, ყველა ქვეყანაში, სადაც იგივე ძალები ცდილობენ ჩაერიონ ადგილობრივ პროცესებში ყველგან ვხედავთ, სიძულვილის გაღვივების ერთი ხელწერით დანერგილ ამ მცდელობებს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან მკვეთრი დაპირისპირება და ზუსტად ამას ემსახურება ის ინიციატივა, რომელიც გუშინ გახმოვანდა“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე არ პასუხობს კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ განმარტავს სიძულვილის ენას სამმართველო. "ქართული ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასამართლოს და ვნახოთ, რას პრაქტიკას დაამკვიდრებენ ისინი.
კობახიძემ უარი თქვა პირადი პოზიცია დაეფიქსირებინა, რას თვლის სიძულვილის ენად.
“რა არის სიძულვილის ენა და რა არა, არამედ მე შეიძლება მქონდეს ჩემი პოზიცია, თუმცა პრაქტიკა უნდა დაამკვიდრონ შესაბამისმა ორგანოებმა, ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შემდეგ სასამართლომ.
მე მაქვს რა თქმა უნდა, ნასწავლიც მაქვს ეს საკითხი უნივერსიტეტებში, თუმცა, ჩემი განმარტება არ არის მნიშვნელოვანი. პრაქტიკა უნდა დაამკვიდროს კონკრეტულმა უწყებამ. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. შემდეგ, პრაქტიკა უნდა დაამკვიდროს სასამართლომ. ამიტომ, დაველოდოთ იმას, თუ როგორ პრაქტიკას დაამკვიდრებენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო”, – განაცხადა კობახიძემ.
დღეს კონკრეტული პასუხი ვერ მოვისმინეთ, კითხვაზე, სად უნდა გავიდეს ზღვარი სიძულვილის ენის განმარტებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის.
“სახელმწიფო იმოქმედებს გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად” - თქვა მან.
ამის შემდეგ ირაკლი კობახიძეს მედიამ ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეახსენა, სადაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ გარეწარი რომ უწოდა გიორგი გახარიას. პრემიერმა ამ თემაზეც ჟურნალისტებს ურჩია დაელოდონ, რა პრაქტიკას დაამკვიდრებენ შსს და სასამართლო.
- შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური მონიტორინგი იქნება - განცხადება სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
- მისი განცხადებით, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და "სხვა მსგავს ქმედებებს".