ეს იმეორებს მაჰათმა განდის შიმშილობას, რომელმაც დაამარცხა იმპერია - სააკაშვილის მიმართვა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სხვადასხვვა ქალაქების საკრებულოს მოშიმშილე წევრებს მიმართავს.
მოშიმშილე სააკაშვილი ასევე მადლობას უხდის მსოფლიო ბანს, პაატა ბურჭულაძესა და მეუფე იოსებს:
მივესალმები ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოს მოშიმშილე წევრებს, რომლებიც შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს სოლიდარობის უმაღლეს აქტში - შიმშილობაში. ეს იმეორებს მსოფლიოს ისტორიაში შესულ მაჰათმა განდის შიმშილობას, რომელმაც დაამარცხა იმპერია და გაათავისუფლა საკუთარი ქვეყანა.
ახლა შევიტყვე, რომ საქართველოს ეროვნული საგანძური, პაატა ბურჭულაძე, იწყებს სოლიდარობის შიმშილობას. პიროვნებას, რომელიც ამას წინათ ჩემს მიერ აშენებულ ქუთაისის ოპერაში არ შეუშვეს, უხდება შიმშილობაში ჩართვა - ეს სამარცხვინოა. მეორეს მხრივ - ეს არის კეთილშობილების და დიდბუნებობის უმაღლესი აქტი.
ბოლოს, მადლობა ძალიან კეთილშობილ და უწესიერეს შემოქმედის მიტროპოლიტს, იოსებს, მხარდაჭერისთვის. მინდა თქვენს მოწოდებაზე გიპასუხოთ, რომ მეუფეო, ძალიან ბევრს ვლოცულობ ჩემი სამშობლოსთვის და მისი და ჩემი თავისუფლებისთვის", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში შიმშილობა ორმა აქტივისტმა დაიწყო.
კახა მიქელაძე და ალეკო ბერიძე მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვენ.
ენმ-ს 5 წევრი და 1 მხარდამჭერი შიმშილობს ზუგდიდის საკრებულოში. რუსთავის საკრებულოში კი 6-მა ადამიანმა მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას.
მოშიმშილე პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, 14 დღეა, შიმშილობის ფორმით ითხოვს პარტია "დროას" ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია.
შიმშილობა დაიწყო ფრაქციის, "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია"-ს 9 დეპუტატმა.
შიმშილობა გამოაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბარამიძემაც. რამდენიმე დღეა შიმშილობს "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელი, ვილი პაჭკორია.
პროტესტის უმწვავესი ფორმით გამოხატვას აპირებს მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძეც.